ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ზბიგნევ რაუს და დმიტრო კულებას. 15 ნოემბერს, რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, სამოქალაქო და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე. იმავე დღეს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ, ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა, რომ რაუს დაუდასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა აფეთქების მიმდინარე გამოძიებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის გარდა, განიხილა პოლონეთში მომხდარი აფეთქებაც. ენტონი ბლინკენი ტვიტერზე წერს, რომ აშშ უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს რუსული სარაკეტო ტერორის მასშტაბი, მიზნები და შედეგები. დმიტრო კულებას თანახმად, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმას, რაც პოლონეთში მოხდა, მკაცრი და პრინციპული რეაქცია უნდა მოჰყვეს.
15 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლვოვის ოლქზე. იმავე დღეს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში, რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პშევოდუვში აფეთქება იყო ერთგზის მომხდარი ინციდენტი და ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს. პრეზიდენტ დუდას თანახმად, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
პოლონეთში რაკეტის აფეთქების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ინდონეზიაში იმყოფება "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტზე, საგანგებო შეხვედრა გამართა მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურებთან. ბაიდენის თანახმად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.