Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თხილის წარმოების ხელშესაწყობად სახელმწიფო 60 პრინტერს და 70 მაუსს ყიდულობს


სოფლის განვითარების სააგენტო 42 420 ლარის პრინტერებს და მაუსებს ყიდულობს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის, რომელიც 2022 წლის 3 ნოემბერს დამტკიცდა და რომლისთვისაც პირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამ თანხით უწყება 60 მრავალფუნქციურ პრინტერს და 70 მაუსს შეიძენს.

შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ჩანს, რომ თხილის წარმოების ხელშეყობის პროგრამისთვის ღვინის განვითარების სააგენტო, რომელიც თავის მხრივ რთველის სუბსიდირებაშია ჩართული, მზად იყო მიეცა სოფლის განვითარების სააგენტოსთვის აპარატურა, მათ შორის კომპიუტერები და პრინტერები ოთხი თვით, მაგრამ შემოწმება/დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ღვინის განვითარების სააგენტოს საკუთრებაში არსებული კომპიუტერების უმეტესობას არ ჰქონდა მაუსები, პრინტერების უმეტესობა კი წყობიდან იყო გამოსული.

"ასევე გადმოსაცემი პრინტერების რაოდენობა არ არის საკმარისი სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის, რაც საფრთხეს უქმნის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებას" - ასე ასაბუთებს სოფლის განვითარების სააგენტო თხილის პროგრამისთვის მაუსებისა და პრინტერების ყიდვის აუცილებლობას.

თხილის მზარდაჭერის პროგრამისთვის გამოცხადებულია საკანცელარიო და ნივთებისა და სანავიგაციო ხელსაწყოების შესყიდვაც 133 000 ლარი ოდენობით. ამ თანხით სააგენტომ უნდა სამი დღის ვადაში უნდა იყიდოს:

  • GPS მოწყობილობა - 50 ცალი;
  • საბეჭდი ქაღალდი A4 – 1 200 შეკვრა;
  • კალამი - 1000 ცალი;
  • ფაილი - 1000 შეკვრა;
  • სტეპლერი - 100 ცალი;
  • სტეპლერის ტყვია - 500 შეკვრა;
  • ანტისტეპლერი - 100 ცალი;
  • კორექტორი - 50 ცალი;
  • ბაინდერი (დიდი) - 500 ცალი;
  • ჩასანიშნი ქაღალდი - 150 ცალი;
  • ფანქარი - 200 ცალი;
  • სათლელი - 55 ცალი;
  • სვიჩი - 35 ცალი;
  • დამაგრძელებელი (5 მეტრიანი, 5 ჩამრთველით) - 80 ცალი;
  • პრინტერის კარტრიჯი - 300 ცალი და საოფისე ტექნიკასთან დაკავშირებული მომსახურება.

"მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიების გატარების გზით, შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ადგილობრივი თხილის წარმოების არა მხოლოდ გაზრდა, არამედ მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების უზრუნველყოფა" - ვკითხულობთ შესყიდვის დასაბუთებაში.

თხილის მხარდაჭერის პროგრამა არ არის ერთადერთი პროგრამა სოფლის მეურნეობაში, სადაც სახელმწიფო მსხვილი ბიუჯეტით ცდილობს ფერმერების დახმარებას.

რამდენიმე წელია მთავრობა პერიოდულად ასუბსიდირებს არასტანდარტული ვაშლის პროგრამას და ამ მიზნით 2014 წლიდან 15 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. ამ პროგრამასაც თხილის სუბსიდირებაში ჩართული სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებდა და 2022 წელს ვაშლის პროგრამისთვისაც გახდა საჭირო 27 530 ლარის ტექნიკის და ელექტროპროდუქციის შეძენა. უფრო კონკრეტულად კი, სააგენტომ ვაშლის სუბსიდირების შტაბისთვის სექტემბერში მოითხოვა:

  • 10 ლეპტოპი
  • 1 სტანდარტული პერსონალური კომპიუტერი (ომპლექტში: სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი)
  • ორი ცალი A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი, მისთვის განკუთვნილი სტანდარტული ორიგინალი 6 ცალი კარტრიჯით
  • ერთი უწყვეტი კვების წყარო (იუპიესი)
  • ერთი სწრაფი სკანერი
  • 8 მაუსი

სახელმწიფო ასევე წლებია ასუბსიდირებს რთვლის პროგრამას. მხოლოდ წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2008 - 2021 წლებში რთვლის სუბსიდირებაზე 300 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

XS
SM
MD
LG