Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო მამალაძეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს: დარღვევებს განაჩენზე გავლენა არ ჰქონია


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ პროცედურული ხასიათის დარღვევები, რომელზეც სასამართლო საუბრობს, გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე. დღეს, 3 ნოემბერს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეზე.

"აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნავს იუსტიციის სამინისტრო და დასძენს იმას, რომ მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის შესახებ არ დააკმაყოფილდა.

უწყება ამ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა:

"სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების "ჩადება", როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა".

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძის სარჩელის ავტორი, იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საქმე მოიგო.

"როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია", - წერს ადვოკატი.

სასამართლო განიხილავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტების შესაძლო დარღვევის საკითხს.

სასამართლოს ადგენს:

  • არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დაირღვა სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
  • სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია);
  • სასამართლოს დავალებით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მამალაძეს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით.

"უარყოფს განმცხადებლის დარჩენილ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ", - აღნიშნავს სასამართლო.

მამალაძე კონვენცით მუხლების დარღვევის დადგენასთან ერთად ითხოვდა:

  • შემოსავლის დაკარგვის გამო, მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 376 304 ლარს და 150 000 ევროს მორალური ზიანისთვის (არ დაკმაყოფილდა);
  • ასევე მოითხოვა 6360 ლარი სასამართლოში მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარი დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის (დაკმაყოფილდა).

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

XS
SM
MD
LG