1 ნოემბრიდან მომხმარებელს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი პარლამენტმა მარტის ბოლოს მიიღო, მაგრამ აღსრულება დღეიდან იწყება. რადიო თავისუფლება კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს სოფიო მომცელიძეს გაესაუბრა.
რას წარმოადგენს კონკურენციის სააგენტო?
კონკურენციის ეროვნული სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არცერთ ორგანოს არ ექვემდებარება, მაგრამ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს ყოველწლიურად ანგარიშს წარუდგენს.
ვინ ითვლება მომხმარებლად და რა შემთხვევაში შეუძლია მიმართოს სააგენტოს?
ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელმაც საქონელი ან მომსახურება პირადი გამოყენების მიზნით შეიძინა.
კონკურენციის სააგენტო საკითხს შეისწავლის იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესები, ანუ დარღვევა არა ერთ, არამედ ბევრ ადამიანს ეხება, მაგალითად, თუ მოვაჭრე საქონელს შესაბამისი ინფორმაციის (წარმომავლობა, მოხმარება...) გარეშე ყიდის.
ახლად ნაყიდ მტვერსასრუტს წუნი აღმოაჩნდა, უკან არ იბარებენ, გამოდის, ამ საკითხზე სააგენტოს ვერ მივმართავ?
მიმართავთ. სააგენტო შეისწავლის და თუ აღმოაჩენს, რომ მოვაჭრე სხვა კლიენტებსაც ასე ექცევა, შესაძლოა კოლექტიური ინტერესების დარღვევას მიაგნოს. ამ შემთხვევაში სააგენტო საქმეს ხელს მოკიდებს.
როგორ და სად უნდა დავწერო განცხადება?
ონლაინ შეგიძლიათ. უნდა შეავსოთ „განაცხადის ფორმა მომხმარებლის უფლებების დარღვევის თაობაზე“, რომელიც განთავსებულია კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე. შევსებულ განცხადებას აგზავნით მისამართზე: info@gnca.gov.ge ან consumer@gnca.gov.ge
რა ხდება განცხადების გაგზავნის შემდეგ?
სააგენტოს 10 დღე აქვს იმისთვის, რომ შეისწავლოს თქვენი განცხადება და გადაწყვიტოს, მიიღებს მას თუ უარს იტყვის განხილვაზე. თუ განსახილველად მიიღო, გადაწყვეტილება მაქსიმუმ 3 თვეში უნდა გამოიტანოს.
თუ სააგენტომ დაადგინა, რომ მომხმარებლის უფლება დარღვეულია, მაშინ?
სააგენტო უფლების დამრღვევს მოსთხოვს საქმე გამოასწოროს. თუ ამან არ გაჭრა, უფლებების დამრღვევს დააჯარიმებენ.
ჯარიმა დიდია?
ჯარიმას სააგენტო სპეციალური წესებით გამოითვლის. ჯარიმა არ უნდა იყოს მოვაჭრის წინა წლის წლიური ბრუნვის 2 პროცენტზე მეტი.
ყველა დარღვევაზე კონკურენციის სააგენტოს მივმართავთ?
არა, თუ სფეროს სხვა მაკონტროლებელი ჰყავს. მაგალითად, საფინანსო სექტორის შემთხვევაში ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს. სურსათის უვნებლობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოა პასუხისმგებელი და ასე შემდეგ.
როგორ უნდა დაამტკიცოს მომხმარებელმა, რომ მისი უფლება დაირღვა?
მომხმარებელმა დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდეს სააგენტოს და თუ რამე მტკიცებულება აქვს, ისიც დაურთოს, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.
სად შეუძლია გადაამოწმოს მომხმარებელმა, რისი უფლება აქვს და რისი არა?
სააგენტოში ამოქმედდა ცხელი ხაზი: (032) 2 05 44 22 ან მობილურიდან: +995 598 05 44 22. შეგიძლით რჩევისთვის აქ დარეკოთ.
კიდევ რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა?
თუ მომხმარებელმა საქონელი დისტანციურად ან ქუჩაში შეიძინა, შეუძლია 14 დღეში დააბრუნოს. ეს წესი შემოღებულია იმისთვის, რომ კლიენტმა შესაძლოა მხოლოდ სახლში აღმოაჩინოს, რომ შეძენილი ნივთი სხვა ზომაა ან მაგალითად არ უხდება.
ეს წესი ყველანაირ ნივთს ეხება?
ნივთი მოვაჭრეს ვერ დაუბრუნდება, თუ მისი ჰერმეტულობა დარღვეულია, ან მისი დაბრუნება ჰიგიენური თვალსაზრისით მიუღებელია, მაგალითად, საწოლის თეთრეული, თუკი ის უკვე გამოიყენეს. ასევე არ ბრუნდება ნივთი, თუ ის ინდივიდუალური შეკვეთით სპეციალურად თქვენთვის დაამზადეს.
წუნის აღმოჩენიდან რამდენ ხანში უნდა მიმართოს მომხმარებელმა მოვაჭრეს?
2 წელი - ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია მოვაჭრეს ნაკლის გამოსწორება ან, თუ ეს შეუძლებელია, თანხის დაბრუნება მოსთხოვოს.
თუ ნაკლი მომხმარებელმა შეძენიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, თავად მოვაჭრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მისი საქონელი გაყიდვისას უნაკლო იყო. 6 თვის შემდეგ კი მტკიცების ვალდებულება მომხმარებელზე გადადის.