Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიგარეტის ყველა კოლოფი ერთნაირი უნდა გახდეს. შეცვლის მთავრობის დადგენილება რეალობას? 


სხვადასხვა ბრენდის სიგარეტის კოლოფები, რომლებსაც დღეს მწეველები შორიდანვე ცნობენ, პირველი იანვრიდან ერთნაირი გახდება. მთავრობის დადგენილებით, თამბაქო სადად უნდა შეიფუთოს, რომ ახალგაზრდებისთვის მოწევა რაც შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი გახდეს.

ყავისფერი კოლოფი, მხოლოდ ქართული წარწერითა და ფოტოთი, რომელზეც ან მომაკვდავი პაციენტია გამოსახული, ან განგრენისგან გაშავებული ფეხი, ან ყელის კიბოსგან დატოვებული იარები... ასეთი იქნება სიგარეტის და თამბაქოს სხვა ნაწარმის ყველა კოლოფი ორ თვეში. მომხმარებელი წარწერით თავის სიგარეტს მიაგნებს, თუმცა შეფუთვა თვალს არ გაახარებს. დადგენილება გრძელი და ტექნიკური სახელწოდებით - საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ - მთავრობამ მაისში მიიღო.

„თამბაქოს ინდუსტრია შეფუთვას ახალგაზრდების მისაზიდად ვეღარ გამოიყენებს“, - ამბობს კახა ღვინიანიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი. მისი თქმით, სადა შეფუთვა ვეღარ მიიზიდავს მათ, ვისაც მოწევა არ დაუწყია, - ახლა შეგიძლიათ უამრავი ფერისა და დიზაინის თამბაქოს პროდუქტი ნახოთ დახლებზე. ბავშვებში კვლევა ჩავატარეთ და ზედმიწევნით იციან, სად რა იყიდება და როგორი შეფუთვით“.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ სიგარეტს სადა კოლოფში უკვე 35 ქვეყანა ფუთავს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ ქვეყნებში მწეველების რაოდენობაც შემცირდა.

ორპროცენტიანი კლებაა“, - აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე და ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოსახლების 27 პროცენტი თამბაქოს ეწევა. მწეველებს შორის კაცების რაოდენობა ქალებისას რამდენჯერმე აღემატება. ძირითადად ეწევა საშუალო ასაკის მოსახლეობა, - „ბიზნესი დღემდე ცდილობს, ეს ნორმა კიდევ ერთხელ გადაავადოს, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე გადაავადეს“.

25 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადავადების მიზეზი არ არსებობს, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრია მიიჩნევს, რომ მთავრობის მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია.

საქართველოში იმპორტირებული თამბაქოს პროდუქტის 80%-ზე მეტი უკრაინიდან შემოდის. ნორმალურ პირობებშიც კი, ანუ უკრაინაში ომი რომ არ იყოს, ამ მცირე დროში ფიზიკურად შეუძლებელია ამ რეგლამენტის (კოლოფის დადგენილი ზომა, ფერი, ფორმა და ..) ამოქმედება. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო კომპლექსური გახდა“, - აცხადებენ „ფილიპ მორის საქართველოში“. კომპანია განმარტავს, რომ თუ ადრე ახალი შეფუთვისთვის გადაწყობა ერთ ქარხანაში სჭირდებოდათ, ახლა იმავე მიზნის მისაღწევად რამდენიმე ქვეყანასთან უნდა ითანამშრომლონ, - თუ ეს ნორმა ძალაში დარჩა, აღნიშნული სიტუაცია თამბაქოს კონტრაბანდის სერიოზულ რისკებს შექმნის“.

გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ თამბაქოს ინდუსტრიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ცვლილებებისთვის მომზადებულიყო.

2018 წლის იანვარში უნდა შესულიყო ეს ნორმა ძალაში და ხუთი წლით გადაავადეს. ახლა უკრაინაში არსებული ტრაგიკული მდგომარეობით მანიპულირებენ. იქ რეალურად მხოლოდ ერთი საწარმოა გაჩერებული. დღემდე სწორედ უკრაინაში მზადდება ისრაელში გასატანი სადად შეფუთული თამბაქოს ნაწარმი“.

მისივე თქმით, მანამდეც სწორედ თამბაქოს ინდუსტრია ცდილობდა, კინოფილმებში, გადაცემებში, სპექტაკლებში მოწევის სცენები დაეტოვებინა, რაც გამოუვიდა კიდეც.

სპექტაკლებში თამბაქოს მოხმარება აკრძალული იყო და 2018 წლიდან ისევ დაუშვეს. რაც შეეხება ტელევიზიებს, ბევრ ქვეყნაში ახალ ფილმებსა და გადაცემებში სიგარეტი არ ჩანს, ძველებში კი ამგვარ სცენებს ფარავენ. ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ გადაცემის თავსა და ბოლოში გაფრთხილებას უშვებენ“.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი აპირებს პარლამენტში დააყენოს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალისთვის თამბაქოს ინდუსტრიას კომპენსაცია - დაახლოებით მილიარდ-ნახევარი ლარი - დაეკისრება.

„UNDP-ის ეკონომისტებმა დათვალეს, თუ რა თანხა უჯდება საქართველოს მოსახლეობას მოწევისგან გაფუჭებული ჯანმრთელობის მკურნალობა - მილიარდ-ნახევარი ლარი. ეს თანხა თამბაქოს ინდუსტრიამ უნდა გადაიხადოს. 50 ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი წესი. ჩვენ მოვითხოვთ შვეიცარიის მოდელს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო თამბაქოს ინდუსტრიას კომპენსაციას აკისრებს იმ წილის მიხედვით, რაც მათ აქვთ ამ ბაზარზე. თანხა გადაირიცხება ბიუჯეტში და შემდეგ ჯანდაცვით და საგანმანათლებლო პროგრამებზე დაიხარჯება“, - ამბობს გიორგი ბახტურიძე.

8 მილიონი მსოფლიოში, 11 400 - საქართველოში - ჯანმოს წარმომადგენლის კახა ღვინიანიძის მონაცემებით, ამდენი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად. თამბაქოს მოხმარება იწვევს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებს, მათ შორის ფილტვის კიბოს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG