სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერების, ეკა კიკნაძის, ნინო ხუნდაძის, დინარა ვაჩნაძის და დავით ნიორაძის, მიმართ. საქმე ეხება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში ამ მეცნიერების გამარჯვებულ პროექტს, რომლის განხორციელებაზეც უარი თქვა ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა.
ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების უფლებებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ეს ორგანიზაცია ავრცელებს დისკრიმინაციის დადგენის შესახებ ინფორმაციასაც.
რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 28 იანვარს კონკურსში გაიმარჯვა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების 13-მა პროექტმა. მათ შორის იყო ეკა კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის ერთობლივი პროექტიც - კონკურსის შედეგების გამოცხადებისას, ხელოვნების მუზეუმში აღარცერთი მათგანი მუშაობდა.
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ამავდროულად ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა რუსთაველის ეროვნულ ფონდს წერილი მისწერა და სთხოვა, არ გაეფორმებინა გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების ავტორებთან ხელშეკრულება, ვინაიდან მეცნიერებმა კვლევითი პროექტები წესების დარღვევით და დირექტორატთან შეუთანხმებლად წარადგინეს. ფონდმა ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, კულტურის სამინისტრომ კი შეცვალა გრანტების მიღების და ფონდებში მუშაობის წესები და განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი საქმიანობიდან მეცნიერების ჩამოშორების შესაძლებლობა გააჩინა. კერძოდ, ეროვნული მუზეუმის დებულებით, დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით.
ცვლილებებმა დირექტორატს მისცა საშუალება, უარი ეთქვა ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერების პროექტების დაფინანსებაზე, ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაუშვებლობის მოტივით, დანარჩენ 12 პროექტს კი მიეცა საშუალება, გაეფორმებინათ ხელშეკრულება ფონდთან.
"აღსანიშნავია, რომ ეკა კიკნაძე, დინარა ვაჩნაძე, ნინო ხუნდაძე და დავით ნიორაძე არიან ხელმომწერები და ორგანიზატორები 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებული პეტიციების, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებშიც ნათლად გამოჩნდა" - წერს "საია" 27 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ ამ მეცნიერების მიმართ "ადგილი ჰქონდა მათ პირად ცხოვრებასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო."
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს და სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს შემდეგი რეკომენდაციით:
- გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა“ - დაფინანსების მიღების მოთხოვნით, მიმართოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს;
- მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდაორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.
ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების კვლევითი პროექტების შეჩერებისთვის რუსთაველის ფონდმა კრიტიკა დაიმსახურა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისგან - ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა, რომლებიც ფონდთან თანამშრომლობდნენ, ფონდის ხელმძღვანელს, ჯაბა სამუშიას, წერილით მიმართეს და უთხრეს, რომ დაუშვებელია მეცნიერების დასჯა მათი შეხედულებების გამო. ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია ოქტომბერში თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს.
შესრულების პრობლემები აქვს რუსთაველის ფონდის დაფინანსებულ იმ 12 პროექტსაც, რომლებმაც გაზაფხულზე მიიღეს ფორმალური თანხმობა დირექტორატისგან - მათში მონაწილე მეცნიერთა ნაწილი ეროვნული მუზეუმიდან მაისის თვეში გაათავისუფლეს და ფონდებზე წვდომა შეუზღუდეს, ნაწილს კი არქეოლოგიური გათხრების ნებართვები არ მისცეს.