რუსეთში სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ სეროვის მცხოვრებლებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისადმი, რომელშიც ჰყვებიან თავიანთი ოჯახების წევრების სავალალო მდგომარეობაზე - მათი, ვინც რუსეთის არმიაში მობილიზაციის ფარგლებში მოხვდა და უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში გაიგზავნა ფრონტზე.
მიმართვაში, რომელიც გამოქვეყნდა ტელეგრამის არხ SOTA-ზე, მობილიზებულთა ახლობლები ჰყვებიან, რომ პირველ ეტაპზე მათი ოჯახების წევრები ჩაიყვანეს როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოში, მომზადების მიზნით, თუმცა ფრონტზე გაგზავნამდე მხოლოდ ორჯერ წაიყვანეს სასროლო მოედანზე და ამის მეტად საბრძოლო მოქმედებებისთვის აღარ მოუმზადებიათ.
მობილიზებულთა ახლობლების თანახმად, უკვე წინა ხაზზე ყოფნისას, სამხედროებს შეექმნათ იარაღის, ტექნიკის, საკვებისა და წყლის დეფიციტი. მიმართვის ერთ-ერთი ავტორი ირწმუნება, რომ წყალი გაიცემა ორ დღეში ერთხელ, ერთ-ნახევარი ლიტრის ოდენობით, რაც ორმა სამხედრომ უნდა იმყოფინოს. სეროვის მცხოვრებთა თქმით, მობილიზებულთა ბრიგადას აქვს მხოლოდ ერთი ტანკი, რომელიც არ მოქმედებს მაშინ, როცა ბრიგადაზე ხორციელდება რეგულარული სარაკეტო თავდასხმები და არის დანაკარგები. მიმართვის ავტორების თქმით, მოკლულთა გვამები ბრძოლის ველიდან სარდლობას არ გააქვს, სამხედროებს თავად უწევთ მათი დამარხვა.
ამავე დროს, მობილიზებულთა ნათესავები ამბობენ, რომ ოფიცრებს მიაქვთ მთელი "ჰუმანიტარული" დახმარება, რომელიც დანაყოფში ჩადის. მიმართვის ავტორები არ ითხოვენ თავიანთი ახლობლების დაბრუნებას, მათ სურთ "გატარდეს ზომები" და უზრუნველყოფილი იყოს მომარაგება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის. პუტინის თქმით, გაწვევას ექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და პრიორიტეტი ენიჭება მათ, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ფრონტზე გაგზავნამდე მობილიზებულებმა შესაბამისი მომზადება უნდა გაიარონ.
უფლებადამცველები რეგულარულად იუწყებიან მობილიზაციის ამ გამოცხადებული წესების დარღვევებზე და იმაზე, რომ მობილიზებულთაგან ბევრს სამედიცინო შემოწმებაც კი არ უტარდება.
რუსეთის მედიაში ხშირად ჩნდება ცნობები მობილიზებული რუსების დაღუპვაზე უკრაინის ტერიტორიაზე. ამგვარი შემთხვევა უკვე ათობითაა აღრიცხული. არის შემთხვევები, როცა გაწვევის მიღებასა და სიკვდილის შესახებ ცნობას შორის სამ კვირაზე ნაკლები დრო გადის. როცა პუტინს ამის შესახებ კითხვა დაუსვეს, მან თქვა, რომ ფრონტზე გაგზავნამდე მომზადების ვადა ხუთიდან ათ დღემდე გრძელდება, შემდგომ მომზადებას კი მობილიზებულები უკვე საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადიან.