უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ არსებობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის მაღალი ალბათობა.
გენერალური შტაბი ყურადღებას ამახვილებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 19 ოქტომბერს გავრცელებულ შეტყობინებებზე, რომელთა თანახმად, თითქოსდა, უკრაინის არმიის ქვედანაყოფებისგან მოსალოდნელი თავდასხმის გამო, ევაკუაციისკენ მოუწოდებენ ნოვა კახოვკის მცხოვრებთ.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს დარტყმას მის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, შესაძლოა, რუსული სარდლობა ვარაუდობს, რომ კაშხლის ჯებირის დანგრევის შედეგებით გადაფარავს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევას და აღკვეთს ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ოქტომბერში, უკრაინის არმიამ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა ხერსონის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტი.