Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია „გრინსერვის +-ის" თანამშრომლების ადვოკატი ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს


შადრევანი ვაკის პარკში.
შადრევანი ვაკის პარკში.

დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ „ვაკის პარკის საქმეზე" დაკავებული კომპანია „გრინსერვის+-ის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, თანამშრომლები - დევი კახოიძე და ბექა მირღვლიანი.

იზოლატორში გადაყვანამდე, მათ ადვოკატი მამუკა ბლიაძე შეხვდა. ის ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.

ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს დაკავებულთა ბრალეულობაზე. გამოძიების ინფორმაციით, მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას.

დაკავებულები არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია "გრინსერვის+-ის" დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს "გრინსერვის+-ის" კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია "მშენ-ექსპერტის" დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართული იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

შსს-ს ვერსია:

  • "2022 წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია".
  • „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
  • "თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ - ის საქმეთა მწარმოებელმა - ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას".
  • "2022 წლის 25 აგვისტოს, დავით თუშიშვილმა და ნუგზარ ქიტიაშვილმა [საექსპერტო კომპანიის დირექტორმა და თანამშრომელმა] შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს".
  • "აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა - ლაშა ფურცხვანიძე წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი".

დეტალური ინფორმაცია დაკავებულების შესახებ:

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ.
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+-ის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელი ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლ.ჭ.
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულ იქნა „გრინსერვის +-ის“ თანამშრომელი დ.კ.
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი დავით თუშიშვილი.
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი, გ.გ. და ვ.გ.

"ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი", - აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, სხვა ადამიანების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

თვითმხილველი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა.

XS
SM
MD
LG