Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კითხვის ნიშნები ვაკის პარკის შადრევნის ექსპერტიზის ირგვლივ - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 ოქტომბერს


ვაკის პარკის შადრევანს და "ვარკეთილის" ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ ჩაუტარა

ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაუტარა. ვარკეთილის მეტროს გარემონტებული ჭერი განახლებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა, ვაკის პარკის შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, წყალში ჩასულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა.

ვაკის პარკის შადრევნის და ვარკეთილის მეტროს სადგურის შემთხვევაში სხვადასხვა ეტაპის სამუშაოები რამდენიმე კომპანიამ შეაფასა, მათ შორის, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ”. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი პოლიციაში უკვე გამოკითხეს.

შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს" ხელმძღვანელი, ზურაბ ამირანაშვილი ამბობს, რომ თავისუფლების "არცერთ კითხვას არ უპასუხებს". მიზეზად მან დაასახელა გამოქვეყნებული სტატია, რომელიც მისი კომპანიის შავ სიაში მოხვედრის მიზეზებს ეხებოდა.

წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

ომი უკრაინაში: 6 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის იერიშს

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა 17 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის იერიშისას. იერიშში რუსეთმა კამიკაძე დრონებიც გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კირილო ტიმოშენკო, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის თავმჯდომარის მოადგილე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ და რუსეთმა ქალი ტყვეები გაცვალეს. უკრაინაში დაბრუნდა 108 ქალი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორისაა 37 ქალი, რომლებიც უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის შენობაში რჩებოდნენ, კვირების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლისას, სანამ ტერიტორიის ოკუპაციას რუსეთი მოახდენდა.

წაიკითხე მეტი.

დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს უყრის

დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის მაღალი კვორუმით არჩევას ითვალისწინებს.

ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა, რითაც გზა გაუხსნა კენჭისყრისკენ.

კანონპროექტს კომიტეტში მმართველი პარტიის მხრიდანაც შეხვდა კრიტიკა. მომხსენებელმა და უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივით შემოთავაზებულია ისეთი პროექტი, რომელიც არ არის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული.

პროექტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, იმეორებს გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის თაობაზე 2021 წლის 29 ივნისს ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტს.

ცვლილებების მიხედვით, გენერალური პროკურორის დამტკიცებას 6 წლის ვადით დიდი კვორუმი დასჭირდება. თუ დეპუტატების სამი მეხუთედი ორი მცდელობით ვერ აირჩევს გენერალურ პროკურორს, მაშინ მას უბრალო უმრავლესობით აირჩევენ, თუმცა მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ერთი წელი იქნება.

მმართველ პარტიასთან ერთად კანონპროექტს მხარს უჭერს პარტია „ლელო“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი ერთიანად განიხილოს პარლამენტმა, შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად და არ მოხდეს მისი დაყოფა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრა ყირიმის ხიდზე აფეთქების საქმეში

მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის სამ მოქალაქეს: ალექსანდრ ბილინს, ოლეგ ანტიპოვსა და დმიტრი ტიაჟელიხს, რომლებსაც წაყენებული ჰქონდათ ყირიმის ხიდზე ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდება. ამის შესახებ "ინტერფაქსს" 17 ოქტომბერს სასამართლოს პრესსამსახურმა აცნობა.

რამდენიმე დღის წინ "ეფ-ეს-ბემ" განაცხადა, რომ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილია რუსეთის ხუთი მოქალაქე, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.

13 ოქტომბერს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დააკავეს ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირველი ხუთი პირი, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები: არტემ აზატიანი, გეორგი აზატიანი, რომან სოლომკო, ვლადიმირ ზლობი და არტურ ტერჩანიანი.

წაიკითხე მეტი.

ნატოს სივრცეში ანტიბირთვული ყოველწლიური წვრთნა დაიწყო

ორშაბათიდან ნატომ დაიწყო ბირთვულ საფრთხესთან გამკლავებაში თავისი ყოველწლიური სწავლება Steadfast Noon, რომელშიც ალიანსის 14 ქვეყნის დაახლოებით 60 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი იღებს მონაწილეობას. მათ შორის - მეოთხე თაობის გამანადგურებლები და მზვერავი თვითმფრინავები.

მიუხედავად იმისა, რომ ნატო შეშფოთებულია რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბოლო ხანს გაკეთებული განცხადებებით, ალიანსში ამბობენ, რომ აღნიშნული სწავლება რუტინულია და არ უკავშირდება რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას.

ამ კონტექსტში ნატოს გენერალურმა მდივანმა უარყო მოწოდებები, რომ პუტინის სახიფათო ბირთვული რიტორიკის ფონზე გადაედო დაგეგმილი წვრთნა, რომელიც 17-დან 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

წაიკითხე მეტი.

მოლდოვა-საქართველო: პრეზიდენტები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და პრორუსული პროტესტის ფონზე

მღელვარების ფონზე, როცა პრორუსული პოლიტიკური ძალის მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ, მოლდოვაში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა. 12-წლიანი პაუზის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერების პირველ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა უკრაინა და რუსეთის აგრესია იყო.

"ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

17 ოქტომბერს, როდესაც მოლდოვისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას მართავდნენ, ანტიდასავლური მიტინგის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეგროვდნენ, საქართველოს პრეზიდენტიც ახსენეს და მეგაფონით ყვიროდნენ, რომ სანდუს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

საპროტესტო აქციები მოლდოვაში 19 სექტემბრიდან ყოველ კვირა დღეს იმართება, თუმცა 17 ოქტომბერს - ორშაბათ დღეს, როგორც თავად დემონსტრანტები ხსნიან, ქუჩაში იმის გამო გამოვიდნენ, რომ კვირას, საპოლიციო ძალებმა პროტესტის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები აიღეს და შესაბამისად - „სანდუ უკვე დიქტატურასთან ასოცირდება“. პოლიცია აცხადებს, რომ დაუშვებელია ქალაქის ცენტრში მოძრაობის გადაკეტვა, ქვეყანაში რუსეთ-უკრაინის ომის გამო მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

უკვე მეორე კვირაა, ოპოზიციურად განწყობილმა რუსეთის მოქალაქეებმა მიღებული შემოწირულებებით თბილისში ძველი ჰოსტელი აღადგინეს და მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფარი გახსნეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების რიგი დადგა. მათ შორის იყვნენ კონსტანტინე და თავშესაფრის სხვა მცხოვრებლები.

XS
SM
MD
LG