„ცნობილია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსმა ტერორისტმა გადაწყვიტა განაახლოს თავისი მონაწილეობა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველო, რომელმაც 100 000 დოლარის ჯილდო დააწესა იგორ სტრელკოვის შეპყრობისთვის.
პოლკოვნიკიმა სტრელკოვმა, რომელიც ბოლო მომენტამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკრაინაში მიმდინარე ომის ცუდი ორგანიზებისათვის, რუსი „სამხედრო კორესპონდენტებისა“ და „პატრიოტული“ ტელეგრამის არხების ცნობით, ფრონტზე გამგზავრებამდე პირობა დადო, რომ აღარაფერს დაწერს სოციალურ ქსელებში.
მაგრამ რაც მანამდე დაწერა და რაც მასზე დაიწერა, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოდესღაც დონეცკის მთელი სეპარატისტული ქვედანაყოფების სარდლისათვის მოკრძალებული თანამდებობა - ერთ-ერთი მოხალისეთა ბატალიონის უფროსის მოადგილის პოსტი შეეთავაზებინათ.
„პუტინი მე დაუფარავად მეზიზღება“
რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ ყოფილმა თანამშრომელმა იგორ გირკინმა, რომელიც უფრო მისი ფსევდონიმით, იგორ ივანოვიჩ სტრელკოვით არის ცნობილი, სახელი 2014 წლის გაზაფხულზე გაითქვა. 8 წლის წინ მისი მეთაურობით რუსეთიდან ჩასულმა რაზმმა უკრაინის დონეცკის ოლქის მშვიდობიანი ქალაქები სლავიანსკი და კრამატორსკი აიღო.
„ომის ჩახმახს ხელი მაინც მე გამოვკარი. ჩვენი რაზმი საზღვარზე რომ არ გადასულიყო, ყველაფერი საბოლოო ჯამში ისე დასრულდებოდა, როგორც ხარკოვსა და ოდესაში. იქნებოდა რამდენიმე ათეული მოკლული, დამწვარი, დაპატიმრებული. და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. ასე რომ, იმ ომის მქნევარა, რომელიც ახლაც გრძელდება, მოქმედებაში ჩვენმა რაზმმა მოიყვანა“, - აღიარებდა იგორ სტრელკოვი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში.
მაგრამ მანამდე იყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში მონაწილეობა. გამოცემა „გორდონის“ თანახმად, იგორ სტრელკოვი კურირებდა მოლაპარაკებებს ყირიმის თვითგამოცხადებულ პრემიერ-მინისტრ სერგეი აქსიონოვსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. ხოლო რუს ჟურნალისტ ოლეგ კაშინის თქმით, სტრელკოვი ასევე მონაწილეობდა უკრაინელ ადმირალ დენის ბერზოვსკისთან მოლაპარაკებაში, რომელიც მოგვიანებით რუსეთის მხარეზე გადავიდა.
მაგრამ 2014 წლის აგვისტოში, სტრელკოვმა დატოვა დონბასი. უფრო ზუსტად, როგორც თავად განმარტავდა, ამ ნაბიჯის გადადგმა მას იმ რუსმა სამხედროებმა აიძულეს, რომლებიც სტრელკოვის წასვლას უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის წინაპირობად ასახელებდნენ.
რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას იგორ სტრელკოვის ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლი დუმდა მაშინაც, როცა სტრელკოვმა შექმნა მოძრაობა „ნოვოროსია“ და შევიდა „25 იანვრის კომიტეტში“, რომელიც თავის თავს უწოდებდა „მესამე ძალას“.
ამ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ თავის მტრად გამოაცხადა როგორც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც პირდაპირ „ღალატში“ ადანაშაულებდა, ასევე რუსეთის ლიბერალური ოპოზიცია.
რუსეთის პრეზიდენტისათვის საჯარო სილის გაწვნას ჰგავდა იგორ სტრელკოვის მიერ 2019 წლის მარტის დასაწყისში მიღებული სკანდალური გადაწყვეტილება. მან აუქციონზე გასაყიდად გაიტანა ყირიმის ანექსიისათვის ჯილდოდ მიღებული, პუტინის გამოსახულებიანი ოქროს მედელი.
სოციალურ ქსელში „ვკონტაქტე“ გახსნილ საკუთარ გვერდზე, იგორ სტრელკოვი მედლის გაყიდვას მატერიალური ხელმოკლეობით და კიდევ იმით ხსნიდა, რომ არ განიცდის მედლის მიმართ პიეტეტს, რადგან ის არ არის სახელმწიფოს ჯილდო, მასზე გამოსახული პუტინი კი „დაუფარავად ეზიზღება“.
მერე და მერე, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის მსვლელობის დროს იგორ სტრელკოვმა ასევე შეიზიზღა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელდასხმული გენერლები, რომლებიც უკრაინის მიწაზე საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდნენ.
იგორ სტრელკოვისგან თავდაპირველად გვარიანად მოხვდა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, რომელიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილმა სარდალმა და თავდაცვის მინისტრმა, სოციალური ქსელებით, ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა.
კერძოდ, სტრელკოვი ამტკიცებდა, რომ ჩეჩნურ ქვედანაყოფს და ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, უკრაინის პატარა ქალაქ პოპასნაიას აღებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ და რომ კადიროვი ომის განმავლობაში მხოლოდ პიარით არის დაკავებული.
მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში მძლავრი კონტრშეტევით უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი დონეცკის ოლქის ქალაქ წითელ ლიმანზე, იგორი სტრელკოვის რისხვა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვალერი გერასიმოვს დაატყდა თავს.
„დააკვირდით ამ ინტელექტუალის უანგარო, მორცხვ სახეს. არა გენერალი ლაპინი, რომელიც, როგორც წერენ, ასევე არ წყვეტს ცაზე ვარსკვლავებს, - არამედ ეს ამხანაგი უნდა იქნეს „განდიდებული“ ყველა ჩვენი გამარჯვებისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობის დროს კიევის, სუმის, ჩერნიგოვის ოლქების „დეესკალაციით“ დაწყებული, გაგრძელებული „წარმატებული გადაჯგუფებით“ ბალაკლეიდან, იზიუმიდან, კუპიანსკიდან და ვოლჩანსკიდან და დამთავრებული ლიმანიდან უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გასვლით“, - წერდა ირონიით რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსზე იგორ სტრელკოვი, რომლის პოსტსაც გენერალ გერასიმოვის ფოტოც თან ერთვოდა.
მაგრამ ამის შემდეგ იგორ სტრელკოვმა მოულოდნელად შეწყვიტა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება. როგორც გამოცემა „მედუზა“ წერს, სტრელკოვმა თავისი ბოლო კომენტარი სოციალურ ქსელში 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
„იგორ სტრელკოვი „მალე გამოვა კავშირზე“
ამის მიზეზი ექსპერტების შეფასებით შეიძლება იყოს ის, რომ სტრელკოვმა გული მოიბრუნა პუტინზე, რომელმაც როგორც იქნა ხორცი შეასხა ცნობილი საველე მეთაურის ოდინდელ ოცნებას და ქვეყანაში თუნდაც ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. და როგორ ჩანს, რუსეთის ხელისუფლებამაც აპატია საჯარო კრიტიკა მასზე გამწყრალ პოლკოვნიკს.
„იგორ სტრელკოვის (გირკინის) დუმილი განპირობებულია იმით, რომ 8 წლის შემდეგ მას კვლავ დართეს ნება ჩასულიყო საბრძოლო მოქმედებების ზონაში“, - წერს სოციალურ ქსელში „ვკონტაქტე“ რუსი სამხედრო კორესპონდენტი იური კოტენკო.
მანამდე იგორ სტრელკოვი, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოში აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე მოხვედრას ცდილობდა, ყირიმში დააკავეს.
„მედუზას“ თანახმად, სტრელკოვიც მოიხსენიებოდა იმ პრორუს ბლოგერებს შორის, რომელთა მიმართაც რუსეთის ხელისუფლება ასევე ატარებდა შემოწმებას რუსეთის არმიის დისკრედიტაციისა და მასზე ფეიკების გავრცელების გამო. მაგრამ ასეთი შემოწმების ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა. ისევე როგორც, არ არსებობს ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ იგორ სტრელკოვი ფრონტის ხაზზეა და საბრძოლო დავალებას არულებს, როგორც ერთ-ერთი მოხალისეთა ბატალიონის მეთაურის მოადგილე.
როგორც ერთ-ერთი მისი მიმდევარი წერს სოციალურ ქსელში, მოხალისეებს სურდათ, რომ სტრელკოვი პოლკ „ვლადიმირის“ მეთაურად დაენიშნათ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავდაცვის სამინისტრო ამის კატეგორიული წინააღმდეგი წასულან.
სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ექსთავდაცვის მინისტრის მეუღლემ, მიროსლავამ, ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ერთობლივი ფოტო, რომელზეც იგორ სტრელკოვი კვლავ რუსულ სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი.
შეკითხვაზე, თუ სად იმყოფება იგორ ივანოვიჩი და თავს როგორ გრძნობს, მიროსლავამ უპასუხა: „ყველაფერი კარგადაა. ის მალე გამოვა კავშირზე“.
სოციალურ ქსელში ამ ცნობის გავრცელებამ სტრელკოვის მიმდევართა აღფრთოვანება გამოიწვია, რომლებიც პოლკოვნიკს გამარჯვებით დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.
მაგრამ იგორ სტრელკოვს, რომლის ნამსახურობის ნუსხაშიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი არაერთი დანაშაულია, - იქ ხელგაშლილი არავინ ელოდება.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 100 000 ამერიკული დოლარის ჯილდო დააწესა იმისთვის, ვინც იგორ სტრელკოვს შეიპყრობს ან მის ადგილმდებარეობას აცნობებს.
უკრაინაში იგორ სტრელკოვის წინააღმდეგ აღძრულია საქმეები ტერორიზმის, მკვლელობის, წამებისა და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევის მუხლებით.
იგორ სტრელკოვი ასევე იმყოფება საერთაშორისო ძებნაში ჰოლანდიის პროკურატურის მოთხოვნით, რომელიც მას ერთ-ერთ მთავარ ბრალდებულად მიიჩნევს 2014 წელს დონეცკის რეგიონში მალაიზიის ავიახაზების ბოინგ MH-17-ის ჩამოვარდნის საქმეში.
„მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგი“ უკრაინის დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანი.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნით, თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ბუკის“ გამოყენებით, რომელიც დონეცკის ოლქში ჩაიტანეს რუსეთის ქალაქ კურსკში დისლოცირებული 53-ე ბრიგადიდან.
საერთაშორისო პროკურორების მიერ კატასტროფაში თანამონაწილედ დასახელდა ოთხი ბრალდებული. ესენი არიან: რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი (გირკინი) და სამი მისი ყოფილი ხელქვეითი - რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე - დუბინსკი, პულატოვი და ხარჩენკო.