Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიური „ბოინგის“ საქმის ბრალდება აცხადებს, რომ განსასჯელ სეპარატისტებს უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება სურდათ


იგორ სტრელკოვი (გირკინი)
იგორ სტრელკოვი (გირკინი)

ნიდერლანდში მდებარე სასამართლოში, რომელიც უკრაინის დონეცკის ოლქში 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფის საქმეს იძიებს, ბრალდების მხარემ ორშაბათს საქმის არსის შესახებ დაიწყო გამოსვლა.

მოელიან, რომ ბრალდება სამი დღის განმავლობაში კონკრეტულ არგუმენტებს წარმოადგენს, ხოლო 22 დეკემბერს პროკურორები სასამართლოს მოახსენებენ, თუ რა სახის სასჯელს ითხოვენ „ბოინგის“ კატასტროფაში თანამონაწილე ოთხი ბრალდებულისთვის. ესენი არიან: რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი (გირკინი) და სამი მისი ყოფილი ხელქვეითი - რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. არცერთი ბრალდებული არ ესწრება ნიდერლანდში მიმდინარე სასამართლო პროცესს და მათ დაუსწრებლად ასამართლებენ.

ორშაბათს გამოძიება კვლავ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ „ბოინგი“ სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სისტემა „ბუკ“-ის იმ რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან ჩაიტანეს და ადრე რუსეთის არმიის შეიარაღებაში იყო. მოწმეთა ჩვენებების გარდა, მტკიცებულებად წარმოდგენილი იქნება ბრალდებულების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, „ბოინგის“ ნამსხვრევების შესწავლის ოქმები და სისტემა „ბუკის“ გადაადგილების დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო-ჩანაწერები.

ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ კონკრეტულად ვინ გასცა სროლის ბრძანება და უშუალოდ ვინ განახორციელა რაკეტის გაშვება. ბრალმდებლის სიტყვებით, განსასჯელებს გირკინს, დუბინსკის, პულატოვს და ხარჩენკოს „ღილაკზე თითი თავად არ დაუჭერიათ, მაგრამ მოითხოვეს, მიიღეს და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს „ბუკი“ და ამასთან ჩამოაგდეს MH17“-ი. (ციტატა სასამართლო პროცესიდან, რომელსაც დასაწყისიდანვე აშუქებს ბლოგერი კირილ მიხაილოვი).

როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ისინი მიიჩნევენ, რომ ბრალდებულებს, როგორც ჩანს, განზრახული ჰქონდათ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება და არა სამგზავრო „ბოინგისა“. მაგრამ, ეს არ ცვლის მათ მიმართ წაყენებული ბრალდების არსს, მათ შორის, რაც 398 ადამიანის განზრახ სიკვდილს შეეხება. ბრალდების მხარე ხაზს უსვამს, რომ განსასჯელები არ მონაწილეობდნენ კონფლიქტში, როგორც სამხედრო მოსამსახურეები და იცავდნენ ომის წარმოების წესებს, რის გამოც მათ ვერ მოეკიდებიან, როგორც საბრძოლო მოქმედების ლეგიტიმურ წარმომადგენლებს (კომბატანტებს).

„მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო "ბოინგი" უკრაინის დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანი.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნით, თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ბუკ“-ის გამოყენებით, რომელიც დონეცკის ოლქში ჩაიტანეს რუსეთის ქალაქ კურსკში დისლოცირებული 53-ე ბრიგადიდან.

XS
SM
MD
LG