Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე


მარცხნიდან: გენერალი მარკ მილი, ლოიდ ოსტინი და ოლექსი რეზნიკოვი. ბრიუსელი, 12 ოქტომბერი.
მარცხნიდან: გენერალი მარკ მილი, ლოიდ ოსტინი და ოლექსი რეზნიკოვი. ბრიუსელი, 12 ოქტომბერი.

12 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრა. ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უძღვება. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

ე.წ. რამშტაინის ფორმატში ჯგუფის შეხვედრა გაიმართა მაშინ, როცა ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიან შეხვედრას მასპინძლობს.

საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ყურადღების ცენტრში უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოექცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორი დღის წინ მთელი უკრაინის მასშტაბით დაიწყო სამოქალაქო პირებისა და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა, რაც პასუხია ყირიმის ხიდის აფეთქებაზე. მოსკოვი აცხადებს, რომ ხიდის აფეთქებაში უკრაინის უშიშროების სამსახური მონაწილეობდა.

ბრიუსელის შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს „ისტორიული“ უწოდა და თქვა, რომ საქმე ეხება უკრაინის „ცის ჩაკეტვას“. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ვაშინგტონი მუშაობს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის დაჩქარებულ მიწოდებაზე. ახლახან გერმანიამ უკრაინას უკვე მიაწოდა საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T. ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა ოთხშაბათს გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებით 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტების გადაცემის შესახებ. გერმანიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას მიაწოდებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა Mars II-ს და თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Panzerhaubitze 2000-ს.

საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა და აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ, ისაუბრეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საერთაშორისო კოორდინაციის მნიშვნელობაზე.

ოსტინის თქმით, უკრაინას უკვე გადაეცა საჰაერო თავდაცვის რამდენიმე თანამედროვე სისტემა, მიმდინარეობს სხვა შეიარაღების მიწოდების პროცესი. მან აღნიშნა, რომ უკრაინას დასავლეთი მიაწოდებს იმდენ შეიარაღებას, რამდენიც საჭირო იქნება. მიუხედავად ამისა, ოსტინის თანახმად, დასავლეთის ქვეყნებს საკუთარი სამხედრო მარაგების შევსებაზეც უწევთ ფიქრი. ამისთვის უნდა გაიზარდოს სამხედრო მრეწველობის ძალისხმევა. საკონტაქტო ჯგუფი ასევე ცდილობს ძველი შეიარაღების მობილიზებას და უკრაინისთვის გადაცემას.

ბრიფინგზე გენერალმა მილიმ შეაფასა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები და რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ უკანასკნელ დღეებში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს „სამხედრო დანაშაულის“ კვალიფიკაცია მისცა.

XS
SM
MD
LG