გამოცემა INSIDER-ი წერს, რომ სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ილონ მასკმა პირადად უარყო უკრაინის მოთხოვნა SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ყირიმში გაფართოების შესახებ. კომპანიის გენერალური დირექტორი შიშობს, რომ უკრაინის მიერ ნახევარკუნძულის რუსეთის კონტროლისგან დაბრუნების მცდელობამ, შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს.
თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა და ილონ მასკმა კიევს Starlink-ის ათასობით სისტემა გადასცეს. ამან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, კავშირი დაემყარებინა ე.წ მკვდარ ზონაში. Yahoo News-ის თანახმად, ენერგოეფექტური სატელიტური მიმღებების მეშვეობით, უკრაინას საშუალება მიეცა, მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატებით რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია რუსული ძალების გადაადგილების და მათი სამიზნე ობიექტების შესახებ.
თუმცა, ბოლო კვირებში პრობლემები წარმოიშვა. გასულ კვირაში გამოცემა Financial Times-ი წერდა, რომ სისტემას „კატასტროფული“ ხარვეზები აქვს ფრონტის ხაზზე. გაჩნდა ეჭვი, რომ ის გათიშეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, შესაძლოა იმის გამო, რომ ის კრემლს არ გამოეყენებინა.
მასკმა ტვიტერში დაწერა, რომ არ შეუძლია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების კომენტირება, რადგან ეს „გასაიდუმლოებულია“, თუმცა სექტემბრის ბოლოს Eurasia Group-ის ანალიტიკოს იან ბრემერთან საუბარში დაადასტურა, რომ სატელიტური სერვისი განზრახ გათიშეს.
არც SpaceX-ს და არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მასკმა Eurasia Group-ის ანალიტიკოს ბრემერთან საუბარში თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მას Starlink-ის გააქტიურება სთხოვა ყირიმში, სადაც 2014 წელს რუსეთი შეიჭრა და მისი ანექსია მოახდინა. ბრემერის სიტყვებით, მასკმა უარი ვითარების შესაძლო ესკალაციის საფრთხის გამო თქვა.
ბრემერის თანახმად, მასკი ირწმუნებოდა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და ამტკიცებდა, რომ ის „მოლაპარაკებისთვის მზადაა“ (მასკმა ოქტომბერში უკრაინის სამშვიდობო გეგმაც წარმოადგინა, რომელიც შეაფასეს, როგორც რუსეთის ინტერესების შესაბამისი). "ინსაიდერი" წერს, რომ ამ საუბრისას პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, თუ უკრაინა შეეცდებოდა დაებრუნებინა ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთის საზღვაო ძალების განლაგების ბაზას წარმოადგენს.
თუმცა ტვიტერზე მასკმა რუსეთის პრეზიდენტთან ახლო წარსულში საუბრის შესახებ ინფორმაცია უარყო და დაწერა, რომ „პუტინს მხოლოდ ერთხელ ელაპარაკა და ეს დაახლოებით 18 თვის წინ მოხდა“. მისი სიტყვებით, თემა „კოსმოსი იყო“. ბრემერმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, როგორ უთხრა მას მასკმა, რომ "პუტინს და კრემლს უშუალოდ უკრაინაზე ელაპარაკა".
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხრეთში პოზიციებს თმობენ, მათ დაკარგეს კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინის დიდ ნაწილზე. ამ ფონზე მატულობს შიში, რომ დანაკარგების შესაჩერებლად პუტინი და მისი მრჩევლები ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.