Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი „ვივამედის" ხელმძღვანელს მიმართავს, ამერიკელ ექიმს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების საშუალება მისცეს


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიურმა მხარდამჭერმა, იურისტმა გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ექსპრეზიდენტის წერილი, რომელშიც ის მიმართავს „ვივამედის", იმ კლინიკის გენერალურ დირექტორს, რომელშიც ამჟამად იმყოფება სამკურნალოდ. წერილის თანახმად, სააკაშვილი მოითხოვს, ექიმს საშუალება მისცენ, მას ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს.

„ჩემი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია, მოგიწოდებთ, ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა. გთხოვთ პასუხი გამცეთ დღესვე, თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა”, - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, რომელმაც შვილი კლინიკაში მოინახულა, განაცხადა, რომ მას ამის უფლება კანონით აქვს მინიჭებული. „კლინიკის დირექტორმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, დღის მანძილზე უნდა დავინახოთ შედეგი. იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება”, - თქვა გიული ალასანიამ.

როგორც სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, ამერიკელ ექიმს, ჯეიმს კობის, კლინიკაში მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი ეთქვა.

სააკაშვილის ინტერესების დამცველი კლინიკას არ ეთანხმება და აპირებს სასამართლოს მიმართოს.

„დღეს, ჩვენდა გასაკვირად, მივიღეთ პასუხი კლინიკის დირექტორისგან, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს არაფერი განსაკუთრებული არ სჭირს და არ ესაჭიროება მსგავსი ტიპის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც გაუგონარი ფაქტია. ჩვენ ამ დოკუმენტს არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ სასამართლოში. უფრო მეტიც, გავასაჯაროებთ, თუ რა მკურნალობა უტარდება სააკაშვილს ,,ვივამედის” კლინიკაში. მას არ უტარდება ადეკვატური მკურნალობა”, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“.

XS
SM
MD
LG