Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექთნების ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით პრემიერს წერილით მიმართეს


ღირსეული შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "სოლიდარობის ქსელმა" ექთნების ღირსეული სამუშაო პირობებისა და ხელფასის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში საგანგაშოდ ცოტა კვალიფიციური ექთანია და ეს დეფიციტი პროფესიაში ახსნილია დაბალი ხელფასებით და მძიმე სამუშაო პირობებით.

პროფესია მიმზიდველი არ არის ახალი კადრებისთვის, პროფესიონალი კადრები კი პროფესიიდან და ქვეყნიდან ცდილობენ წასვლას, ნათქვამია "სოლიდარობის ქსელის" წერილში, რომელშიც სახელმწიფოს მოუწოდებენ, "მიიღოს უფრო აქტიური მონაწილეობა არსებული კატასტროფული მდგომარეობის შესაჩერებლად."

"პანდემიისას სახელმწიფო შეეცადა დროებით შეემსუბუქებინა ჩვენთვის მძიმე შრომითი მდგომარეობა სახელმწიფო სახელფასო დანამატების სისტემით. ამასთან, მთავრობამ პირდაპირ განსაზღვრა დანამატების მინიმალური საათობრივი ოდენობა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს კოვიდის მართვაში ჩაბმული მათი დასაქმებულებისთვის უნდა გადაეხადათ, რაც ექთნებისთვის − [შეადგენდა] არანაკლებ 3 ლარს. თუმცა, საქართველოში კოვიდ პანდემიის დასრულებულად გამოცხადებასთან ერთად, სახელფასო დანამატების გაცემა შეწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი, ექთნების სამუშაო დატვირთვა არსებითად არ შემცირებულა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბევრ კერძო კლინიკაში სახელმწიფოს მიერ გაცემული დანამატები არ მიდიოდა ექთნებამდე, რის შესახებაც იუწყება, როგორც შრომის ინსპექცია და ჯანდაცვის სამინისტრო, აგრეთვე, სოლიდარობის ქსელის პროფკავშირიც. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში დაიწყო ექთნებისთვის გაზრდილი ტარიფით ხელფასის გადახდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რაც აუცილებელია სანამ ძალიან არ დაგვიანებულა, გავრცელდეს სხვა კლინიკებზეც", - ვკითხულობთ წერილში, რომლის ადრესატიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

"სოლიდარობის ქსელი" სახელმწიფოსგან ითხოვს:

  • სახელმწიფოს დონეზე გადაიხედოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო პოლიტიკა და სამედიცინო სექტორისთვის განისაზღვროს მინიმალური/საცხოვრებელი ხელფასის ოდენობა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულისთვის უზრუნველყოფს ღირსეული საცხოვრებელი პირობებისთვის საჭირო შრომის ანაზღაურებას.
  • სახელმწიფომ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მოპარული ხელფასის პრაქტიკასთან დაკავშირებით: აღიკვეთოს ხელფასის დაგვიანებები, შემოწმდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დანამატების გაცემა საავადმყოფოში;
  • დარეგულირდეს სამედიცინო პერსონალის სამუშაო საათები, მკაცრად აღირიცხოს სამუშაო დრო, ღამით მუშაობა, ზეგანაკვეთური შრომა და სამედიცინო პერსონალს კუთვნილი ზეგანაკვეთური შრომა აუნაზღაურდეს გაზრდილი ტარიფით. მედმუშაკებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული ცვლაში დასვენებისა და შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.
  • სახელმწიფომ განსაზღვროს პაციენტებისა და ექთნების თანაფარდობის სტანდარტი და უზრუნველყოს ამ სტანდარტის პრაქტიკაში აღსრულების ზედამხედველობა.

XS
SM
MD
LG