Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

70 წლის პუტინი კვლავაც შეუცვლელია რუსეთის საზოგადოებისთვის?


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 ოქტომბერს 70 წლის გახდა. ამ მრგვალი თარიღის აღნიშნვა რუსეთის ლიდერს უწევს მაშინ, როცა ის თავისი მრავალწლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყველაზე უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, როცა ორ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე მონაპოვარი მან მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ ძვირადღირებულ და რთულ ომში დადო ფსონად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციის ყველაზე უფრო აქტიური ნაწილი ქვეყნიდან გააგდო, ჩანს იმის ნიშნები, რომ საზოგადოებაში პუტინის პოპულარობას მუქარა შეექმნა. მიზეზი მარტივია: უკიდურესად პერსონიფიცირებულ პოლიტიკურ სისტემაში, რომელსაც მართავს პუტინი 23 წელზე მეტი ხნის მანძილზე პრეზიდენტისა თუ პრემიერ-მინისტრის როლებში, ქვეყნის ამგვარი წარუმატებლობა, რომელსაც რუსეთი განიცდის ომში, ავტომატურად ითარგმნება და გაიგება მის პირად წარუმატებლობად.

„ჩემი აზრით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა,“ ამბობს დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის, „ლევადა ცენტრის“ სოციოლოგი ლევ გუდკოვი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ამან ატმოსფერო ძირეულად შეცვალა და ეს ცვლილება შეუქცევადია.

ლევ გუდკოვი
ლევ გუდკოვი

„მობილიზაცია ყველას ეხება... მობილიზაციის გამოცხადებამ ფუნდამენტურად შეცვალა სიტუაცია - ომი რუსეთში მოვიდა,“ თქვა მან.

ბევრისთვის მოულოდნელად, უკრაინაში შეჭრას მედგარი წინააღმდეგობა შეხვდა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხრიდან. არანაკლებ მოულოდნელი იყო კონტრიერიში, რომელიც გასულ თვეში წამოიწყო უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში. ამ მარცხმა აიძულა პუტინი, მობილიზაცია გამოეცხადებინა მიუხედავად იმისა, რომ მრავალი თვის განმავლობაში ამბობდა, რომ არასოდეს გააკეთებდა ამას.

უკრაინაზე კრემლის თავდასხმას ასევე მწვავე რეაქცია მოჰყვა დასავლეთის მხრიდან, რომელმაც უმძიმესი სანქციები დაუწესა რუსეთს და მრავალმილიარდიან დახმარებას უწევს უკრაინას. შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყვნენ ნეიტრალური ქვეყნები, ნატოში წევრობა ითხოვეს და ისინი დაჩქარებული წესით მიიღეს.

რუსეთი იშვიათად ან შეიძლება არც არასოდეს ყოფილა ასე იზოლირებული და გარიყული საერთაშორისო თანამეგობრობიდან.

„24 თებერვლის შემდეგ პუტინი ცუგცვანგშია,“ თქვა სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დმიტრი გუდკოვმა. „გარე ცუგცვანგში. ჭადრაკში ეს არის პოზიცია, როცა ნებისმიერი სვლა პოზიციის გაუარესებას იწვევს.“

„არც აღშფოთება, არც საპროტესტო გამოსვლები“

მაგრამ შინ, რუსეთში, პუტინის პოპულარობა უკანასკნელ პერიოდამდე ძალიან მაღალი იყო. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ კრემლმა წელიწადზე მეტი მოანდომა იმას, რომ ყველაზე ორგანიზებული და აქტიური ოპოზიცია ქვეყნიდან გაეძევებინა.

„უკრაინაში რუსეთის დანაშაულებრივმა ომმა ხაზი გაუსვა რუსეთის საზოგადოების ისეთ თვისებებს, რომლებსაც ყველაზე გამობრძმედილი რუსოფობებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ,“ აცხადებს ესტონელი მეცნიერი და პარლამენტარი მიხაილ ლოტმანი რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისთვის დაწერილ სტატიაში. ლოტმანი შენიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების მხრიდან ჩადენილი მაროდიორობისა და სამხედრო დანაშაულების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა გულგრილი დატოვა რუსეთის საზოგადოება.

„რა რეაქცია ჰქონდა რუსეთის საზოგადოებას? მას არ ჰქონდა რეაქცია. ან თითქმის არ ჰქონდა. არც აღშფოთება, არც საპროტესტო გამოსვლები,“ წერს ლოტმანი.

მართალია, რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების ჩატარება ძალზე რთულია და მათი ინტერპრეტაცია დიდ სიფრთხილეს ითხოვს, „ლევადა ცენტრის“ მიხედვით, პუტინის პოპულარობა 2022 წლის უდიდესი ნაწილის განმავლობაში 80%-ს აჭარბებდა. აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 83%-ს მიაღწია.

მაგრამ სექტემბერში ვითარება შეიცვალა და რუსეთის ლიდერის პოპულარობა 77%-მდე დაეცა.

მას დღემდე უფრო მეტი უჭერს მხარს, ვიდრე 24 თებერვლის ინტერვენციამდე, მაგრამ ფრონტზე წარუმატებლობა და მობილიზაციის გამოცხადება თავისას შვრება, აღნიშნავს ლევ გუდკოვი.

„ვფიქრობ, მობილიზაციის შემდეგ ვითარება სწრაფად შეიცვლება,“ მიაჩნია მას.

„უიმედობის განცდა“

ცხადია, პუტინის მთავრობის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლა უზარმაზარი ფსიქოლოგიური ნაბიჯია რუსების უმრავლესობისთვის. თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე პუტინი სახელმწიფო პროპაგანდისტულ მანქანას იყენებდა ისეთი ღირებულებების წინ წამოსაწევად, როგორებიცაა ძლიერი, ცენტრალიზებული მთავრობა და „კანონის დიქტატი“. ამით ის ქაოსური 1990-იანი წლების დემონიზაციას ეწეოდა, პერიოდისა, როცა რუსეთში დეკლარირებული ღირებულებები იყო დემოკრატია, პრესის თავისუფლება და თვითგამორკვევა.

მაგრამ უკანასკნელ წლებში პუტინმა „დაწერა ახალი სცენარი, რომელშიც ის პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციისთვის იყენებს ისეთ იდეებს, როგორებიცაა რუსეთის გამორჩეულობა, რუსული ნაციონალიზმი, საერთაშორისო სისტემაზე რუსეთის ძალაუფლების პროეცირება, კულტურული კონსერვატიზმი და შეერთებული შტატების როგორც მსოფლიო მადესტაბილიზებელი ძალის კრიტიკა,“ წერდა კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი ჯეინ ბანსი 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში „ფერადი რევოლუციის პერსპექტივა რუსეთში“. ბანსის თანახმად, ასეთმა ტაქტიკამ „რუსეთის ოპოზიცია გაყო პატრიოტებად და მოღალატეებად“.

2012 წლის შემდეგ კრემლი იყენებს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ის პოლიტიკური ოპონენტების სტიგმატიზაციას და განეიტრალებას ახერხებს.

რუსეთში პოლიტიკურ დისიდენტებს შეიძლება ყოველთვის არ ემუქრებოდეთ დაპატიმრება, მაგრამ მათ ემუქრებათ შერცხვენა და დაგმობა ნათესავებისგან, თანამშრომლებისგან და დამქირავებლებისგან. მათ ემუქრებათ კრემლის მომხრე აქტივისტების მხრიდან ძალადობა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში პუტინმა კიდევ უფრო გაზარდა მასთან დაპირისპირების საფასური, როცა უკრაინაში მიმდინარე ომი წარმოადგინა როგორც არსებობისთვის ბრძოლა რუსეთსა და „სატანურ“ დასავლეთს შორის. ამით მან უსიტყვო თანხმობა მისცა მემარჯვენე რადიკალებს, რომლებსაც იზიდავს მისი ნაციონალისტური და ტრადიციონალისტური მესიჯები.

„ხელისუფლებამ შეიცნო საფრთხე“

უკრაინაში ფართო მასშტაბის შეჭრამდე პერიოდში პუტინის მთავრობა ენერგიულად ეწეოდა ნებისმიერი ორგანიზებული პოლიტიკური ოპოზიციის დემონტაჟს. ოპოზიციის ქარიზმატული ლიდერი ალექსეი ნავალნი ციხეში მოათავსეს. მანამდე ის ბეწვზე გადაურჩა ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას, რაც, მისი თქმით, ფსბ-ს მიერ იყო ორგანიზებული პუტინის დავალებით.

ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი და მის მხარდამჭერთა რეგიონული ოფისების ქსელი „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციებად იქნა მიჩნეული და ისინი დახურეს. მის თანამებრძოლთაგან ბევრი იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა.

ასევე ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების სამიზნედ იქცა სხვა ოპოზიციური ორგანიზაციებიც, მაგალითად ადამიანის უფლებების დამცველი საზოგადოება „მემორიალი“, რომელიც დაიხურა.

„აქტიური საპროტესტო გამოსვლებისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ ინდივიდუალური ქმედება,“ ამბობს რუსი პოლიტოლოგი ვლადიმირ გელმანი, რომელიც ჰელსინკის უნივერსიტეტში ასწავლის. „საპროტესტო გამოსვლებისთვის საჭიროა სხვადასხვა ადამიანს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით კი [რუსეთში] ვითარება ცუდია.“

თუმცა ეს ვითარებაც გამუდმებით იცვლება. 4 ოქტომბერს ნავალნის მთავარმა თანამებრძოლებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთში ნავალნის ქსელის მუშაობას კვლავ განაახლებენ, ოღონდ იატაკქვეშეთში და ისინი კოორდინაციას გაუწევენ პუტინისა და ომის მიმართ ოპოზიციას.

როგორც „ტელეგრამის“ არხი „სირენა“ იტყობინებოდა, ნავალნის გუნდმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ „შვიდი თვის ომისა და მობილიზაციის გამო პუტინის რეჟიმის პოზიციები დასუსტდა“.

გარდა ამისა, როგორც „ლევადა ცენტრის“ მკვლევარი ლევ გუდკოვი ამბობს, რუსეთში დღემდე დიდია იმათი რაოდენობა, ვინც ინფორმაციას კრემლის კონტროლისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი წყაროებიდან იღებს. პირველ რიგში ესაა „ტელეგრამის“ დამოუკიდებელი არხები. გუდკოვის თქმით, „ალტერნატიული არხების“ რაოდენობამ სულ რამდენიმე თვეში მოიმატა 7-8%-დან 22%-მდე.

„განხეთქილება აუცილებლად მოხდება“

მასობრივი სახალხო აჯანყებები იშვიათად ხდება მხოლოდ მორალურ ნიადაგზე განრისხების საფუძველზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარ ე.წ. „ფერად რევოლუციებს“ ძირითადად არჩევნებით იმედგაცრუება წარმართავდა. მაგრამ მათში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დაპირისპირება თავად მმართველ ელიტებში. ამ ელიტების ნაწილი ხალხს მოუწოდებდა, გამოსულიყო მის მხარდასაჭერად.

ეს მოდელი რუსეთის უახლესი ისტორიის მანძილზეც მეორდებოდა. ასე იყო 1905 წლის რევოლუციისას, ასე იყო 1917, 1991 და 1993 წლებში. ერთი მხრივ იყო სახალხო ამბოხება, მეორე მხრივ - დასუსტებული და დანაწევრებული მთავრობები და სოციალური და პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურების ზოგიერთი ნაწილი თავად ედგა მხარში მეამბოხეებს.

დმიტრი გუდკოვი
დმიტრი გუდკოვი

ეს ფენომენი პუტინის მმართველობის პერიოდშიც შეინიშნებოდა, როცა პენსიონერებმა და მოსახლეობის სხვა უკმაყოფილო ნაწილებმა 2004 წლის ბოლოს და 2005 წლის დამდეგს ქუჩებში გააპროტესტეს მთავრობის სოციალური პოლიტიკა. დემონსტრაციებზე ხშირად გაისმოდა პუტინის გადადგომისა და „რევოლუციის“ მოწოდებები. დემონსტრანტებს ფარულად თუ ღიად დაუჭირეს მხარი რეგიონების გუბერნატორებმა, კომუნისტურმა პარტიამ და სხვა ძალებმა.

ამ კრიზისმა კრემლს უბიძგა, გადამწყვეტი ზომები მიეღო ე.წ. ძალაუფლების ვერტიკალის გასამყარებლად და როცა 2011 წელს საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო რუსეთის მთავრობა „ფერადი რევოლუციის“ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ხელისუფლებას უკვე ყველა საჭირო ინსტრუმენტი მოეპოვებოდა ამბოხების ჩასახშობად და არც მმართველი ელიტის შიგნით გამდგარა ვინმე განზე.

მაგრამ ახლა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დმიტრი გუდკოვის თქმით, ვითარება განსხვავებულია იმ „ეიფორიისგან“, რაც პუტინის მიერ 2014 წელს ყირიმის ხელში ჩაგდებას მოჰყვა.

„როცა ვუყურებდი კრემლის ყრილობათა დარბაზში პუტინის მიერ მიწვეული ჩინოვნიკებისა და დეპუტატების საცოდავ სახეებს, ვერავითარ სიხარულს ვერ ვატყობდი მათ,“ უთხრა გუდკოვმა რადიო თავისუფლებას. იგულისხმება 30 სექტემბერს კრემლში გამართული ღონისძიება, რომელზეც პუტინი სიტყვით გამოვიდა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიასთან დაკავშირებით.

გუდკოვის თქმით, ჯერ ძალზე ადრეა ლაპარაკი „ელიტის შიგნით სქიზმაზე“, მაგრამ პუტინის სისტემა „ირყევა“.

„განხეთქილება აუცილებლად მოხდება,“ დასძინა მან. „ვინაიდან უკვე ახლა ვხედავთ ძალაუფლების მოქიშპე ცენტრების ფორმირებას.“

მაგრამ ჯერჯერობით „ყველაფერი კვლავაც პუტინის გარშემო ტრიალებს,“ დასძინა გუდკოვმა.

XS
SM
MD
LG