რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც მთავრობას დაავალა ფედერალურ საკუთრებაში მიიღოს ზაპოროჟიეს აეს-ში ატომური ენერგიის გამოყენების ობიექტები. ესაა ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური ექვსი ენერგობლოკით. აეს-ი მდებარეობს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული.
დღესვე პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო კანონებს უკრაინის ოთხი რეგიონის, მათ შორის ზაპოროჟიეს, ანექსიის შესახებ. უკრაინა და მრავალი ქვეყანა იურიდიულად ბათილად მიიჩნევენ ამ გადაწყვეტილებებს და ანექსირებულ ტერიტორიებს კვლავაც უკრაინის ნაწილებად განიხილავენ.
პუტინის ბრძანებულების თანახმად, უნდა შეიქმნას უნიტარული საწარმო „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური“, რომლის კუთვნილებაშიც იქნება სადგურის ქონება. მისი ექსპლუატაციის საკითხებით დაკავებული იქნება სააქციო საზოგადოება „ზაპოროჟიეს აეს-ის ექსპლუატაციის ორგანიზაცია“.
რუსეთმა მიმდინარე წლის მარტში დაამყარა კონტროლი ქალაქ ენერჰოდარზე, სადაც მდებარეობს ზაპოროჟიეს აეს-ი. მასში ჯერაც მუშაობენ უკრაინელი სპეციალისტები. აეს-ის ენერგობლოკების უდიდესი ნაწილი ამჟამად გაჩერებულია. ზაპოროჟიეს აეს-ის ტერიტორიას პერიოდულად უშენენ ცეცხლს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინა და დასავლეთი გამოდიან სადგურის დემილიტარიზაციის ანუ მისი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოწოდებით. მსგავსი მოწოდების შემცველი რეზოლუცია მიიღო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც, მაგრამ რუსეთი უარზეა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის სამხედროებმა დააკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იჰორ მურაშოვი. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, მაგრამ აიძულეს, უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადასულიყო.
უკრაინის კანონმდებლობით, ზაპოროჟიეს აეს-ი კომპანია „ენერჰოდარის“ ნაწილია.