Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის 4 რეგიონის ანექსირების "კანონებს"


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა დუმის და ფედერაციის საბჭოს მიერ მიღებულ „კანონებს“, რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის მიღების „შეთანხმებათა რატიფიკაციის“ შესახებ.

დღესვე, პუტინის განკარგულებით, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად“ დაინიშნა დენის პუშილინი, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად“ - ლეონიდ პასეჩნიკი და „ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლებად“ ვლადიმირ სალდო და ევგენი ბალიცკი. მანამდე, ოთხივე მათგანი ხელმძღვანელობდა უკრაინის ამ ოლქების პრორუსულ, დე ფაქტო ადმინისტრაციებს.

პუტინმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირების გადაწყვეტილება 30 სექტემბერს გამოაცხადა და ამ რეგიონების პრორუსული დე ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ხელი მოაწერა "შეთანხმებებს", რომელთა ზოგადი ჩანაწერის მიხედვით, რუსეთის შემადგენლობაში შედიან დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“ და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები, ხოლო მათი "ფარგლები განისაზღვრება მათი შექმნის და რუსეთის შემადგენლობაში მიღების დღეს არსებული საზღვრებით". მანამდე, 23-27 სექტემბერს უკრაინის 4 რეგიონში ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთთან შეერთების საკითხზე.

პუტინის მიერ ხელმოწერილი "საერთაშორისო შეთანხმებების" რატიფიცირებას 3 და 4 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს რუსეთის დუმამ და ფედერაციის საბჭომ.

4 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლითაც იურიდიული შედეგების არმქონედ გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ 2014 წელს, ყირიმის და 2022 წელს, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებები. რუსეთის პრეზიდენტმა ამ ტერიტორიების ანექსიამდე მათი ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ერთადერთი, ვინც მოსკოვს მხარდაჭერა გამოუცხადა, ჩრდილოეთ კორეაა.

XS
SM
MD
LG