Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა გათავისუფლებული ლიმანის ფოტოები


უკრაინელი სამხედროები ლიმანში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაზე. 2022 წლის 4 ოქტომბერი
უკრაინელი სამხედროები ლიმანში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაზე. 2022 წლის 4 ოქტომბერი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა დონეცკის ოლქში გათავისუფლებული ქალაქის, ლიმანის ფოტოები.

„აი, რა დატოვა ოკუპანტმა უკრაინულ ლიმანში. აგრესორი სახელმწიფო დაპყრობილ ტერიტორიებზე ყველგან ანადგურებს ცხოვრების ნებისმიერ საფუძველს: ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, კულტურას“, - წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მიწების გათავისუფლებით. ზელენსკის თანახმად, დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორია გათავისუფლდება უკრაინის, სიცოცხლის, კაცობრიობის, კანონის და სიმართლის მტრისგან.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, სადაც რუსული ქვედანაყოფების პოზიციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უტევდნენ. ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები. 4 ოქტომბერს, ლიმანში გაიმართა უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია.

ლიმანზე კონტროლის აღდგენის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ლუგანსკის ოლქის მიმართულებითაც. უკრაინის არმია კონტრიერიშს განაგრძობს ხერსონის ოლქშიც.

XS
SM
MD
LG