Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს არ აჩვენებს ძალას, ეს აჩვენებს სისუსტეს" - სტოლტენბერგი უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა არ დაკარგავს ნატოს მხარდაჭერას მისი ოთხი რეგიონის ანექსიის შემდეგ.

"დავუჭერთ მხარს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", - განაცხადა მან ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ეს არ აჩვენებს ძალას, ეს აჩვენებს სისუსტეს", - ასე შეაფასა სტოლტენბერგმა კრემლის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიერთება და დაამატა: "პუტინის პასუხისმგებლობაა ომის დაწყება, მისივე პასუხისმგებლობაა მისი დასრულება".

"თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც სუვერენული სახელმწიფო", - თქვა მან.

ჟურნალისტს კითხვაზე, განიხილავს თუ არა ნატო უკრაინის განაცხადს ალიანსში გაწევრიანებაზე, სტოლტენბერგმა მხოლოდ ის უპასუხა, რომ "ნატოს კარი ღიაა ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის" და ახალი წევრების მიღების თაობაზე ალიანსმა გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღოს.

დღეს, ვლადიმირ პუტინმა, საერთაშორისო კანონების წესის დარღვევით, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინის ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ასევე სეპარატისტული რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელებმა.

ხელმოწერიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ნატოს წევრობაზე განაცხადს დღესვე გააკეთებს.

XS
SM
MD
LG