ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გამოეხმაურა.
„მე არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს, რომ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მერე მის ქვეყანას ან ძვირი დაუჯდება, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების. იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება, - თქვა მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტივის" ეთერში და დაამატა, - ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება ეს მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ".
28 სექტემბერს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა და სამომავლო კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.
საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი პროტესტის ნიშნად დაიბარა.
სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა.
„ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას ტვიტერში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
- ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების სიგნალებს.
- 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
- 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინაში ომის შემდეგ. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.