პარტია "დროას" წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიცია არ აძლევს საშუალებას, მივიდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგამდე", სადაც აქცია უნდა გაემართათ. ისინი პოლიციამ სოფელ გველეთთან გააჩერა.
გველეთი საბაჟო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით ორი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. აქციის მონაწილეებს პოლიცია არ აძლევს უფლებას, გაიარონ გვირაბი.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" ჩაიკეტოს რუსეთის მოქალაქეებისთვის.
"ჩვენი მოთხოვნაა, ჩაიკეტოს გამშვები პუნქტი. დაუშვებელია, ამდენი რუსი შემოდიოდეს ყოველდღიურად ქვეყანაში - ქვეყანაში, სადაც რუსეთს აქვს 20 პროცენტი ოკუპირებული. გვინდა, რუსებსაც გავაგონოთ ჩვენი სათქმელი, რომ ისინი არიან ოკუპანტები, მათ აქ არავინ ელოდება და მათი ადგილი არ არის", - უთხრა რადიო თავისუფლებას "დროას" წევრმა შუშანა მაცაბერიძემ.
"ინტერპრესნიუსი" ავრცელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის კომენტარს ამ საკითხზე.
"ბუნებრივია, შსს ყველა საჭირო ზომას მიიღებს იმისათვის, რომ ყველა პირის უსაფრთხოება იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ასეთ დროს აქციების ჩატარება დამატებითი გამოწვევაა პოლიციისთვის, თუმცა ჩვენ კანონით დადგენილ ყველა ზომას მივიღებთ, რომ შეკრების ყველა მონაწილის უფლება იყოს დაცული", - ამბობს შს მინისტრის მოადგილე.
21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე მოქმედ სახმელეთო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსის" გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
განახლება: გველეთში აქციის გამართვის შემდეგ, "დროას" წევრები და აქტივისტები თბილისში დაბრუნდნენ.