Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის ინიციატივაა, რუსეთის მოქალაქეებს "საოკუპაციო მოსაკრებელი" დაუწესდეთ


"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი

​პარლამენტში ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის მოქალაქეებისთვის "საოკუპაციო მოსაკრებლის" დაწესების ინიციატივით გამოდის. პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტარ კოლეგებს მოუწოდა, ამ საკანონმდებლო ცვლილებების ირგვლივ გაერთიანდნენ.

"დაწესდეს რუსეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულება. თანხა იქნება 1000 ლარი თითოეულ მოქალაქეზე - ამ გადახდით, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რუსეთი აგრესორია. იმავდროულად, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი უნდა აღმოჩნდეს - თუ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, მათ შეუძლიათ არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისთვის, რომლებიც ათასობით არიან საქართველოში - ეს თანხები მათი საჭიროებისათვის იქნება გადარიცხული", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ "საოკუპაციო მოსაკრებლის" გადახდის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ საქართველოში კანონის მიღებამდე შემოსულ რუსეთის მოქალაქეებსაც - მათ ქვეყანაში არსებული სერვისებით სარგებლობის უფლება მხოლოდ თანხის გადახდის დამდასტურებელი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში უნდა მიეცეთ.

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე მოქმედ სახმელეთო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსის" გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.

XS
SM
MD
LG