Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აქვეყნებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკას


საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი"
საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი"

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსის" გავლით საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი გაზრდილია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებშიც ჩანს, რომ მობილიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე ტოვებდა, ვიდრე შემოდიოდა.

მობილიზაციის გამოცხადებამდე:

  • 17 სექტემბერს შემოვიდა - 6986, გავიდა - 7406;
  • 18 სექტემბერს შემოვიდა - 6606, გავიდა - 6743;
  • 19 სექტემბერს შემოვიდა - 6411, გავიდა - 6782;
  • 20 სექტემბერს შემოვიდა - 5603, გავიდა - 6199.

მობილიზაციის გამოცხადებამდე, 17-20 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა 25 606 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 27 130.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ:

  • 21 სექტემბერს შემოვიდა - 6402, გავიდა - 6011;
  • 22 სექტემბერს შემოვიდა - 6150, გავიდა - 6050;
  • 23 სექტემბერს შემოვიდა - 9307, გავიდა - 6214;
  • 24 სექტემბერს შემოვიდა - 9330, გავიდა - 6249;
  • 25 სექტემბერს შემოვიდა - 11 143, გავიდა - 5519;
  • 26 სექტემბერს შემოვიდა - 10 804, გავიდა - 4947.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა 53 136 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 34 990.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ამ სტატისტიკურ მონაცემებში არ არის ასახული იმ ადამიანების მონაცემები, რომელთაც ორმაგი (საქართველო-რუსეთის) მოქალაქეობა აქვთ.

26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.

"თითქმის პიკზეა მისული და რიგები დგას ჩვენ მხარესაც. ჩვენ არ გვაქვს 10 და 20-გეითიანი გასასვლელი, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. ამაზე მეტი აღარ მგონია გაიზარდოს, ვეღარ გავატარებთ ფიზიკურად", - თქვა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტულ პერიოდში, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 213 100-მა ადამიანმა გადმოკვეთა - საშუალოდ, კვირაში 53,3 ათასმა ადამიანმა. 2019 წელს კი, კორონავირუსის პანდემიამდე, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 169 915-მა გადმოკვეთა - საშუალოდ კვირაში 42,3 ათასმა პირმა.

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.

XS
SM
MD
LG