ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომლებიც „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობენ, საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ თვითმხილველები იტყობინებიან.
„ტელეგრამის“ ერთ-ერთ ჩატში, რომელიც უკვე 120 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წერენ, რომ კავკასიელებს დაკითხვაზე ცალკე ოთახში აგზავნიან (საუბარია 222 ნომერზე, რაზეც მედია ადრეც საუბრობდა), რის შემდეგაც მათ საქართველოში შეშვებაზე უარს ეუბნებიან.
ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი დისიდენტი, ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი წერს, რომ გამშვებ პუნქტზე „მძიმე მდგომარეობაა“.
„საჭმელს არ აძლევენ, დუტი ფრიში უარს ეუბნებიან მომსახურებაზე. ხალხი ამ მდგომარეობაშია რამდენიმე დღეა“, - განაცხადა მან.
აბდურახმანოვი აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს, რომ ათობით ადამიანი იმყოფება საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში. მათ შორის არიან ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.
ირაკლი კუპრაძე პარტია „ლელოდან“ ასევე წერს, რომ მობილიზაციას გამოქცეული მისი გროზნოელი მეგობრები საქართველოში არ შემოუშვეს.
„3 დღე იდგნენ რიგში, გადმოლახეს რუსული საზღვარი, ქართულმა მხარემ კი უარი უთხრა. ამასობაში გროზნოში გაიგეს, რომ ქვეყანას ტოვებდნენ, დაურეკეს და პოლიციაში დაიბარეს ჯარიდან თავის არიდების ბრალდებით და მოღალატეებად შერაცხეს. მათი უკან მიბრუნება ნიშნავს წამებას, სიკვდილს და უკრაინის ფრონტზე იძულებით გაგზავნას. დგანან ნეიტრალურ ნაწილში, ორ საზღვარს შორის - ვერც საქართველოში შემოდიან და შიშით ვერც უკან ბრუნდებიან“, - წერს კუპრაძე.
თვითმხილველების თქმით, რუსეთის სხვა რეგიონების მცხოვრებლებს საქართველოში შეუზღუდავად უშვებენ.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, ქვეყნის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით. მათ შორის, ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში 300 ათას რეზერვისტს გაიწვევენ. ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.