Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოდნავ დავწყნარდები და მოვიფიქრებ, რა ვქნა" - ახალგაზრდა რუსები პუტინის ომს გაურბიან


წვავემდელები ჯარში გაწვევის წინ, რუსეთის ქალაქ სოჭში. 2022 წლის 21 მაისი
წვავემდელები ჯარში გაწვევის წინ, რუსეთის ქალაქ სოჭში. 2022 წლის 21 მაისი

რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაცია” უკვე დაიწყო. ვლადიმირ პუტინი აპირებს, უკრაინასთან კიდევ სულ ცოტა 300 ათასი კაცი აომოს. ან იქნებ მეტიც - კოლექტიური შიში ძლიერდება, რადგან ბოლომდე ცხადი არ არის, ვის წაიყვანენ და ვის არა.

“ბედის ირონიაა, რომელზეც აღარ მეცინება”, - ამბობს 23 წლის საშა, რომელმაც გვარის საიდუმლოდ შენახვა გვთხოვა. სამხედრო კომისარიატი მისი სახლიდან ას მეტრშია.

საშა რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ნოვოსიბირსკში ცხოვრობს და აღრიცხვაზეა აყვანილი. თვითონ ვებდიზაინერია და ხელში იარაღი არასდროს სჭერია.

“როგორც კი ოდნავ დავწყნარდები და აზროვნების უნარს დავიბრუნებ, უნდა მოვიფიქრო, რა ვქნა” - უყვება იგი რადიო თავისუფლებას.

ის, რისიც ათასობით რუს ახალგაზრდას ბოლო ნახევარი წელი ეშინოდა, 21 სექტემბერს დილით მოხდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა “ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კი დაამატა, რომ ჯარში 25 მილიონი კაცის წაყვანა შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე 300 ათასს დასჯერდება.

პროცედურა ასეთია: რუსეთის მოქალაქეებს მისდით ჯარში გაწვევის დოკუმენტი, რომელსაც უწყებას (Повестка) ეძახიან. სამხედრო კომისარიატები უწყებებს თავდაპირველად აგზავნიან იურიდიულ მისამართზე, ან დამსაქმებელთან, რადგან ის კანონით ვალდებულია, უწყება ადრესატს გადასცეს. თუ მიაგნეს და უწყება ადრესატს ჩაბარდა, კომისარიატის იქით სხვა გზა აღარ რჩება. თუ არა და, 10-წლიანი პატიმრობა.

ასე გამოიყურება უწყება
ასე გამოიყურება უწყება

წუხელ, უწყების მიღებით შიშით, სამსახურიდან მოულოდნელად წამოვიდა საშას თანამშრომელი. საშაც უწყებას დღე-დღეზე ელოდება. ომში წასვლა არ უნდა. მხოლოდ სიკვდილი არ აშინებს, “უფრო ის, როგორ იცვლებიან ომგამოვლილი ადამიანები. ფიზიკურად ცოცხლები მორალურად კვდებიან”.

გადარჩენის მცდელობები

“ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებისთანავე, მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები რუსეთის 38 ქალაქში გაიმართა. უფლებადამცველი ორგანიზაცია “ოვედე ინფოს” ცნობით, საღამოსთვის დააკავეს 1300-ზე მეტი ადამიანი.

2 ქალაქში - ტოლიატისა და ნიჟნი ნოვგოროდში სამხედრო კომისარიატებში ხანძარი გაჩნდა. 24 თებერვლის შემდეგ, ცეცხლი უკვე ათზე მეტ კომისარიატს წაეკიდა. ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გუნდმა ღიად მოუწოდა მოქალაქეებს შენობების დაწვისკენ.

ათასობით ახალგაზრდა გამოსავალს დახურულ ჩატებში და სამოქალაქო აქტივისტებთან ეძებს. რამდენიმე ორგანიზაციამ ცხელი ხაზები გახსნა.

ყველაზე მარტივი გზა დამალვა აღმოჩნდა - თუ უწყება ადრესატს არ ჩაბარდა. სანამ მას არ ჩაიბარებ, ჯარშიც ვერ წაგიყვანენ. საიმედოდ დამალვა მხოლოდ ემიგრაციაში გამოდის, იურისტებიც ასე ფიქრობენ.

განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ავიაბილეთებზე თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს მიმართულებით. პირველ ოქტომბრამდე, მოსკოვი-თბილისის, მოსკოვი-ბათუმისა და მოსკოვი-ქუთაისის თვითმფრინავებზე მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ზოგი განიხილავს გადარჩენის უფრო არასტანდარტულ ხერხებსაც. 21 სექტემბერს, ბევრმა რუსმა ინტერნეტმომხმარებელმა დაგუგლა კითხვა: “როგორ მოვიტეხოთ ხელი?” პროკრემლისტურმა გამოცემა ლენტა.რუმ დაწერა, რომ ხელის მოტეხვა ან სხვა თვითდაზიანების მიყენება ახალგაზრდებს ომისგან ვერ იხსნის.

სამიზნე - ყველა ახალგაზრდა

დანამდვილებით უცნობია, რამდენი ადამიანი წაიყვანეს “ნაწილობრივი მობილიზაციის” ორ დღეში. თუმცა, მაგალითად, რუსეთის სამხრეთით მდებარე რეგიონში, ბურიატიაში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “ფონდი თავისუფალი ბურიატია” უკვე 7000-მეტი ადამიანი დაითვალა.

მაინც ვის ემუქრება “მობილიზაცია”? რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, “პირველ რიგში მათ, ვინც მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, აქვს გარკვეული სამხედრო სპეციალობები და გამოცდილება”.

22 სექტემბერს, წყარომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოცემა “ნოვაია გაზეტა ევროპას” აცნობა, რომ პუტინის ხელმოწერილ დოკუმენტში საიდუმლო პუნქტი არსებობს. ის სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, გაიწვიოს მილიონამდე ადამიანი.

პრეზიდენტის სიტყვების არც საშას სჯერა. საფრთხეშია ყველა ჩემი თანატოლი, განსაკუთრებით კი ჯარში ნამსახურები ხალხი, - ამბობს იგი.

არადა, რუსეთის კონსტიტუციით, ყველას, ვისაც პაციფისტური შეხედულებები აქვს, შეუძლია, ჯარში არ წავიდეს. მაგრამ საშა ჰყვება, რომ სამხედრო კომისარიატებში მისი თანატოლების უმრავლესობას საკუთარი სიმართლის დაცვა უბრალოდ არ გამოსდის.

“ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხში გაქცევენ, რომ ძალიან მარტივია, გატყდე და საერთოდ დაგავიწყდეს, რომ რაიმეს უფლება გაქვს”, - იხსენებს იგი.

ომგამოვლილი თაობა

საშას ბევრი ნაცნობი უკვე ემიგრაციაშია, რადგან არ უნდათ “ამაზრზენ, ფარისევლურ და იმპერიულ ექსპანსიას” შეეწირონ. მაგრამ თავად ჯერ ქვეყნიდან ვერ მიდის, ოჯახის დატოვების ეშინია.

ვერ ჩამოვყალიბდი, ომის უფრო მეშინია, თუ ემიგრაციისო. ერთი ის იცის, რომ ომამდელი ცხოვრება აღარასდროს დაბრუნდება. რუსეთში იცხოვრებენ “ადამიანები, რომლებმაც სისხლი იგრძვნეს, გამოცადეს მეგობრების, ახლობლების და თანამებრძოლების სიკვდილი, ნახეს სიკვდილი და თავადაც მოკლეს”.

“ჩემმა უმცროსმა დამ მარტში დაასაფლავა მეგობარი, [უკრაინაში წასული] კონტრაქტორი, რომელსაც 1 კვირაში 20 წელი უსრულდებოდა. ასეთი ამბები ძალიან ცვლის ადამიანებს. ჩვენც შევიცვლებით, მაგრამ ჯერ არ ვიცი, საითკენ”, - ამბობს საშა.

სავარაუდოდ, რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან გამოჟონილი საბუთებიდან ირკვევა, რომ უკრაინაში თითქმის 50 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი - “მხოლოდ“ 5937.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG