რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, საბოტაჟის ბრალდების საფუძველზე, 17 წლით მიუსაჯა პატიმრობა ყირიმელი თათრების ლიდერს, პოლიტიკოსს, აქტივისტს, ყოფილ ჟურნალისტ ნარიმან ჯელიალს. თავად მსჯავრდადებული და მისი მომხრეები სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
21 სექტემბერს ამავე სასამართლომ ამ საქმეში კიდევ ორ ბრალდებულს, ძმებ ასან და აზიზ ახტემოვებს 15 და 13 წლით მიუსაჯა პატიმრობა.
სასამართლოს განჩინებით, სამივეს ასევე დაეკისრა დიდძალი ჯარიმის გადახდაც.
ჯელიალი და ძმები ახტემოვები სექტემბრის დასაწყისში დააპატიმრეს, გაზსადენზე იერიშში მონაწილეობის ბრალდებით.
უკრაინა აქტივისტებისთვის წაყენებულ ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს, მათი გათავისუფლებისკენ რუსეთს აშშ-ც მოუწოდებს.
ჯელიალი ყირიმელი თათრების თვითმმართველი ასამბლეის, მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილეა. ყირიმის ანექსირების შემდეგ, 2014 წელს, მეჯლისი მოსკოვის მომხრე ხელისუფლებამ აკრძალა.
ჯელიალის და მისი კოლეგების დაპატიმრებამ დაუყოვნებლივ გამოიწვია საპროტესტო აქცია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყირიმის ოფისის წინ, რასაც 50-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა.
რუსეთის სააგენტო "ინტერფაქსი" მაშინ იუწყებოდა, რომ ჯელიალის და ძმებ ახტემოვების საქმე უკავშირდებოდა სიმფეროპოლთან ახლოს მდებარე გაზსადენს, რომელიც 23 აგვისტოს დაზიანდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ემინე ჯეფარმა, აქტივისტების დაპატიმრებას უწოდა მოსკოვის "შურისძიება" გასულ თვეში ყირიმის დეოკუპაციის თემაზე კიევში გამართულ კონფერენციაში ჯელიალის მონაწილეობისთვის. ეს ღონისძიება, მოსკოვის შეფასებით, "ანტირუსული" იყო.
რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსირება 2014 წელს განახორციელა, კამათის საგნად ქცეული რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, გაყალბებული იყო.