თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლის დაწყების პარალელურად აქციები განაახლეს. ისინი სტუდენტების საბინაო პრობლემების მოგვარებას და რექტორის არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ.
უნივერსიტეტის ფოიეში დღეს მაისის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებმა მანიფესტი წაიკითხეს და პირველკურსელებს მიმართეს.
„თქვენ ფიქრობთ, რომ უნივერსიტეტი ერთგულია ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, კორნელი კეკელიძის იდეალების და თქვენც გააგრძელებთ ამ ტრადიციას. მაგრამ ეს დიდი ტყუილია... დღეს აღარ არის მეცნიერება პრიორიტეტული... სწავლის ყოველი ახალი წელი იწყება სიცრუით“.
სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რექტორი 36-კაციანი აკადემიური საბჭოს ნაცვლად ლექტორებმა აირჩიონ.
„გვინდა, რომ ყველა ლექტორის აზრი იყოს გათვალისწინებული. ეს სისტემა სხვადასხვა ქვეყნებში უკვე არსებობს. რექტორი გვეუბნება, თანახმა ვარო, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. კანონი ხომ უნდა მიიღონ“, - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ნონა ჩხიკვიშვილი.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ რექტორის არჩევის წესი საბოლოოდ პარლამენტმა უნდა შეცვალოს და თუ ასე მოხდა, თსუ ამ ცვლილებებს დაეთანხმება. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტისა და სტუდენტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფებიც კი შეიქმნა, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. რატომ ჭიანურდება პროცესი? სტუდენტები ამაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ მორიგ შეკრებას ხელი არდადეგებმა შეუშალა.
800-ლარიანი ბინა სტუდენტისთვის
გაძვირებული ბინების პრობლემამ, რის გამოც სტუდენტები მთელი წელი დისტანციურ სწავლებას ითხოვდნენ, სექტემბრში ორმაგად იჩინა თავი.
„გამარჯობა, ვეძებ ბინას დიღომში 900 ლარამდე“.
„ვეძებთ ორი სტუდენტი გოგო 600-დან 700 ლარის ფარგლებში ბინას“.
„ვეძებ ბინას 300-400 ლარის ფარგლებში ნებისმიერ მეტროთან ახლოს, განვიხილავ დიასახლისთან ერთადაც“.
ფეისბუკზე ბინების გაქირავების ჯგუფში ამგვარი პოსტები აგვისტოს ბოლოს გახშირდა. თუმცა, ბინას ზოგი დღემდე ვერ პოულობს. მათ შორისაა მარიამ გურაშვილიც, რომელიც თსუ-ში ფილოსოფიას სწავლობს. პირველ წელს, როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, ბინის ერთ ოთახს 150 ლარად ქირაობდა. მეორე წელს ნათესავთან დარჩა. წელს უკვე შეგუებული იყო, რომ ბინა 500 ლარი დაუჯდებოდა, თუმცა მოულოდნელად მეპატრონემ მოუბოდიშა და პირდაპირ უთხრა, რომ უცხოელებზე აქირავებს.
მარიამმა ბინა დასთან ერთად უნდა იქირაოს, ამიტომ ხარჯს ვერავისთან გაიყოფს. ამავე მიზეზით არ გამოუვიდა თსუ-ის საერთო საცხოვრებელში ცხოვრებაც, მისი და კერძო ინსტიტუტში სწავლობს.
„თან ბაგებში ცხოვრება საშიშია. ისეთი გაყვანილობაა, ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს, - ამბობს მარიამი, - ფასები სამჯერ არის გაზრდილი. ერთოთახიანი ბინები ვარკეთილში 700-800 ლარი ღირს და არც პირობებია ფასის შესაბამისი. სარეცხის მანქანა ხომ უნდა იყოს ან მაცივარი? ამასაც ვერ გთავაზობენ. ბავშვებს ვამზადებ ინგლისურში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს კვირა ვერ ჩამოვედი თბილისში. საერთოდ განვიხილავდი, რომ აკადემიური ამეღო, მაგრამ ბოლო მომენტში რომ ბინა ვიპოვე, გადავიფიქრე. ახლა ისე გამოვიდა, რომ დავკარგე ის ბინა. იმედი მაქვს, ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება, ვინც სტუდენტებზეა ორიენტირებული, თუმცა ამისთანებიც სულ უფრო ცოტანი გვხვდებიან“.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში სველი წერტილები ახლა წესრიგდება. ზაფხულში, სანამ სწავლა დაიწყებოდა, რემონტი ვერ მოხერხდაო. თუმცა, სტუდენტები ბაგების საცხოვრებლის კეთილმოწყობაზე გაცილებით მეტს ითხოვენ:
„გვინდა, სახელმწიფომ სტუდენტურ ბინებზე სუბსიდია დააწესოს, დაარეგულიროს ეს საკითხი, ან რამე შენობა გამოიყოს, სადაც ეს ბავშვები შევლენ და იცხოვრებენ. ასევე ვითხოვთ, საერთო საცხოვრებელი სახელმწიფომ ააშენოს და არა კერძო ბიზნესმა“, - ამბობს ნონა ჩხიკვიშვილი. ამის შესახებ მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ თავის განცხადებაშიც დაწერა:
„უკვე მეექვსე თვეა, რაც ვითხოვთ სახელმწიფოსა და უნივერსიტეტისგან სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, რომელსაც თავადვე გვპირდებიან 2018 წლიდან. საცხოვრებელმა, როგორც თავად თქვეს, უნდა დააბინავოს 3000 სტუდენტი. 2018 წლის შემდეგ ეს დაპირება სრულად გაქრა. მათი თქმით, ვერ მოიძებნეს ბიზნეს ინვესტორი, რომელიც საერთო საცხოვრებელს ააშენებდა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ბიზნეს ინვესტორის მიერ საერთო საცხოვრებლის აშენების შემთხვევაში, საცხოვრებლის გადასახადი თითქმის იმავე ფასში იქნება, რამდენსაც ბინის ქირაში ისედაც ვიხდით კერძო მეპატრონესთან“.
მაისის სტუდენტური მოძრაობა აქციების შეწყვეტას არ აპირებს.