ტაჯიკეთის საზღვართან მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ყირგიზეთის ბატკენის რეგიონში საგანგებო რეჟიმი შემოიღეს. როგორც ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება, ბრძანებას ხელი რეგიონის ხელმძღვანელმა, აბდიკარიმ ალიმბაევმა მოაწერა.
დილით ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ტაჯიკურმა მხარემ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დარღვევით, განაახლა ყირგიზეთის სოფლების დაბომბვა. კერძოდ, ნაღმმტყორცნების შეტევა განხორციელდა ბატკენის რაიონის პასკი-არიკისა და დოსტუკის დასახლებულ პუნქტებზე. "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ყირგიზეთში მინიმუმ სამმა დამოუკიდებელმა წყარომ განუცხადა, რომ 16 სექტემბერს ტაჯიკი სამხედროები ყირგიზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელში შევიდნენ.
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე გრძელდება სისხლიანი შეტაკებები.
თავის მხრივ, ტაჯიკეთის სასაზღვრო ჯარებმა ყირგიზეთის მხარე დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და ტაჯიკეთის სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვაში. ამავე სააგენტოს ცნობით, სასაზღვრო ხაზზე გადაჰყავთ ძალები და დამატებითი აღჭურვილობა.
16 სექტემბერს ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე დიდი შეტაკებები მოხდა. მხარეებმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს.
ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფლიქტის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 121 კი დაშავდა. ტაჯიკეთის მხრიდან მოკლული და დაჭრილი მოქალაქეების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური, სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით, 7 დაღუპულის შესახებ იუწყება.