სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 სექტემბერს გამოაცხადა, რომ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მუშაობს და "ვითარება უცვლელია" საზღვარზე - მას მერე, რაც იქ მსხვერპლი მოჰყვა იმ ბრძოლის განახლებას, რომელიც უკავშირდება მეზობელ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ უთანხმოებას მთიანი ყარაბაღის გარშემო.
ადგილობრივი დროით "დილის ცხრა საათზე, 16 სექტემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარებაში ცვლილება არ აღრიცხულა", - თქვა სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა.
13 სექტემბერს განახლებული შეტაკებები - რომლებიც ყველაზე სისხლიანი იყო მხარეებს შორის 2020 წელს მომხდარი ომის შემდეგ - დასრულდა "საერთაშორისო ჩართულობის" ძალისხმევით, განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭომ, მას მერე, რაც მანამდე წარუმატებლად დასრულდა რუსეთის მცდელობა ცეცხლის შესაწყვეტად.
აზერბაიჯანს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც თავიდან სომხეთის უშიშროების საბჭომ გამოაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 16 სექტემბერს დაასახელა აზერბაიჯანთან შეტაკებების შედეგად მსხვერპლის გაზრდილი რიცხვი - რომ დაღუპულთა რაოდენობა 105-დან სულ მცირე 135-მდე გაიზარდა. "ამ მომენტისთვის, დაღუპულთა რაოდენობა 135-ა, - უთხრა ფაშინიანმა მინისტრთა კაბინეტს და დასძინა - სამწუხაროდ, ეს არაა საბოლოო რიცხვი. არის ბევრი დაჭრილი".