Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშის ექსპერიმენტი  - როგორ გამდიდრდა საბჭოთა აბაშა 70-იან წლებში


ედუარდ შევარდნაძე, გურამ მგელაძე და მიხეილ გორბაჩოვი აბაშაში
ედუარდ შევარდნაძე, გურამ მგელაძე და მიხეილ გორბაჩოვი აბაშაში

70-იან წლებში აბაშაშიკაპიტალისტური სასწაულიმოხდა. ახალმა რაიკომის მდივანმა ექსპერიმენტი წამოიწყო. გლეხებს უფლება მისცეს, მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი კოლმეურნეობაში ჩაბარების ნაცვლად თავისთვის დაეტოვებინათ.

საუკეთესო მეთოდია აუცილებლად, იმიტომ რომ შარშან მე მაგალითად, განპიროვნებული მქონდა 1 ჰექტარი, მივიღე 2.5 ტონა სიმინდი. წელსაც მე მგონი ნაკლებს არ მივიღებ... ისეთ ოჯახებში ნახავ სიმინდს, საყიდლად რომ ვერ შოულობდნენ. ჩემთან კეთილარში ერთი კაცი მოვიდა, იმდენი პრემია მივიღეო (სიმინდი), სასიმინდეში არ მეტევა და სად დავყარო, არ ვიციო“, - ჰყვება სოფელ კეთილარის მკვიდრი დოკუმენტურ ფილმში „აბაშის ექსპერიმენტი - რა მოხდა აბაშაში“. ფილმი მაშინ გადაიღეს, როდესაც ერთ დროს ღარიბმა რეგიონმა აბაშამ ზედიზედ მეშვიდე გარდამავალი დროშა აიღო.

სინამდვილეში რა მოხდა აბაშაში? 1973 წელს აბაშაში ახალი რაიკომის მდივანი დანიშნეს - გურამ მგელაძე. მისი მეუღლე ნანა იოსელიანი იხსენებს, რომ მგელაძე ციტრუსებით მდიდარ ქობულეთში უნდა გაეშვათ, მაგრამ აბაშაში აღმოჩნდა:

„როგორც ჩანს, ვიღაცას პატრონი გამოუჩნდა და გურამს აბაშა შეხვდა. რომ ჩავედიო, გაპარტახებული იყო რეგიონი და ვუთხარი შევარდნაძეს, ერთადერთი ხსნა აქ ისაა, პროდუქცია ჩავიბაროთ და ფული გადავუხადოთო. შევარდნაძემ მხარი დაუჭირა, ყველაფერს იბარებდნენ, ხორცს, სიმინდს... და მაშინვე აძლევდა ფულს. საოცარი შედეგი მიიღეს. აბაშაში სხვა რაიონებიდან გადმოდიოდნენ საცხოვრებლად“.

საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მეთოდი, რომელიც მგელაძემ გამოიყენა, კარგად დავიწყებული ძველი იყო. კომუნისტური წყობის გარიჟრაჟზე საბჭოთა ლიდერები კეთილდღეობის ეფექტის შესაქმნელად გლეხს მოსავლის მოზრდილ ნაწილს უტოვებდნენ.

ეს სისტემა თავის დროზე ბერიას მოქოქილია. მან დაიწყო სუბტროპიკული კულტურების მოშენება 30-იან წლებში და ამან კარგად იმუშავა. უფრო ადრე, 20-იან წლებში, სანამ კოლექტივიზაცია შემოვიდოდა, გლეხებს ფაქტობრივად ისევ ჰქონდათ მიწის ნაკვეთები, რომელიც მანამდე საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მისცა კერძო საკუთრებაში. მართალია, კომუნისტებმა კერძო საკუთრება გააუქმეს, მაგრამ გლეხები ისევ თავიანთ ყოფილ მიწებს ამუშავებდნენ, სახელმწიფო კი გადასახადებს ნატურით იბარებდა. [აბაშაში] ფაქტობრივად ეს სისტემა გააცოცხლეს - ანუ ოჯახები მიამაგრეს კოლმეურნეობის მიწებს და უთხრეს, რაც გინდა და რამდენიც გინდა, ის მოიყვანე, მე, სახელმწიფო ამდენს წავიღებ და დანარჩენი შენი იქნებაო, - განმარტავს ირაკლი ხვადაგიანი, - ამან, რა თქმა უნდა, უკეთ იმუშავა, რადგან კოლექტიური მეურნეობის სისტემა ჩანასახშივე უსამართლო იყო. გლეხი ფაქტობრივად ორ ადგილას მუშაობდა, ცალკე იძულებით კოლმეურნეობაში და ცალკე საკუთარ კარმიდამოში“.

ფილმში „აბაშის ექსპერიმენტი“ თავად გურამ მგელაძე ჰყვება, რა დახვდა აბაშაში ჩასვლისას.

შემოვიარე კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები. ეს ის პერიოდია, როცა სიმინდი უკვე დათესილია, ამოსულია და ინტენსიურ სამუშაოებს მოითხოვს. თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი დღე დავდიოდი და ვერავინ ვნახე... ერთმა კაცმა მითხრა, შარშან 350 დღე ვიმუშავე, 10-15 მანეთი გამომივიდა თვეში და 4 შვილი მაგით როგორ ვარჩინოო“.

გურამ მგელაძე და მიხეილ გორბაჩოვი აბაშაში ლიმონს რგავენ.
გურამ მგელაძე და მიხეილ გორბაჩოვი აბაშაში ლიმონს რგავენ.

ექსპერიმენტი საბაზრო ეკონომიკის ელემენტებით, რომელიც მგელაძემ წამოიწყო, წარმატების შემთხვევაში სხვა რაიონებზეც უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ რეალურად აბაშაშიც აღარ გაგრძელებულა. რამდენიმე წელიწადში აბაშა ისევ საბჭოთა ეკონომიკას დაუბრუნდა.

ექსპერიმენტის მთელი აზრი ის იყო, რომ ყველგან უნდა დანერგილიყო. მაშინ ვეუბნებოდი გურამს, რომ უნდა ებრძოლა ამისთვის. შევარდნაძემ მოსკოვში გაუშვა და უთხრა, სანამ ბრეჟნევს არ შეხვდები, არ ჩამოხვიდეო. ბრეჟნევს ამ ექსპერიმენტზე უნდა დალაპარაკებოდა. ვერ შეხვდა. ვიღაცას, ვინც ჰპირდებოდა, რომ შეახვედრებდა, უთქვამს გურამისთვის, წადი, შვილო, ამათ არაფრის შეცვლა არ უნდათო“, - იხსენებს ნანა იოსელიანი.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც შევარდნაძემ და მისმა გუნდმა მჟავანაძის კლანი ჩაანაცვლა და შევარდნაძე ცდილობს, აჩვენოს, თავად როგორი წარმატებულია.

თავიდან აეწყო ახალი კორუფციული ქსელი, დაიწყო გეგმების გადაჭარბებით შესრულება, მევენახეობა იქნებოდა ეს თუ ჩაი. სწორედ ამ სერიის ნაწილია .. აბაშის ექსპერიმენტიც, რომელიც ნოვაციად კი გასაღდა, მაგრამ სინამდვილეში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, 20-იანი წლების სისტემისკენ“.

ჰქონდა თუ არა აბაშის ექსპერიმენტს შანსი, უფრო მასშტაბური გამხდარიყო? ლოკალური, მცირემასშტაბიანი ცვლილებები, მაშინ როცა დანარჩენი საბჭოთა კავშირი კომუნისტურ ეკონომიკას მისდევდა, დიდად ამინდს ვერ ცვლიდა. ირაკლი ხვადაგიანი ჰყვება, რომ როგორც წესი მსგავს ექსპერიმენტებს კომუნისტი ლიდერები საკუთარი თავის რეკლამისთვის იყენებდნენ - ხალხი გაიცნობდა თუ არა ახალ რაიკომის მდივანს, ექსპერიმენტიც მთავრდებოდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG