ჟან-ლუკ გოდარმა ევთანაზიით დაასრულა სიცოცხლე, მისმა ახლო მეგობარმა კი ნებაყოფლობითი და კანონიერი თვითმკვლელობის მიზეზად არა უკურნებელი სენით გატანჯულობა, არამედ გამოფიტვა დაასახელა: დაიღალაო.
შეიძლება ამ მეგობარმა იცოდეს კიდეც, სახელდობრ რით დაიღალა დიდი რეჟისორი, მაგრამ ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს ცხოვრება იქნებოდა, მის შემთხვევაში დასასრულის დაუსრულებლობა, რადგან ის 91 წლის იყო...
თუმცა ბიბლიური ასაკი სულაც არ გულისხმობს ცხოვრებით იმედგაცრუებას: გორბაჩოვისთვის ან ელისაბედ მეორისთვის რომ ეჩუქებინათ კიდევ ერთი 90 წელი, ისინი ალბათ სიამოვნებით გააგრძელებდნენ ეტიკეტით, ინერციით თუ პირობითობებით ორგანიზებული ხანდაზმულობით ტკბობას.
გოდარის დრამით კი უმალ დამღლელი ეპოქით დაღლილობაზე გიწევს ფიქრი (რაზეც იქნებ გოდარს არც უფიქრია), - როცა სამყაროს პრობლემები ციკლურად ანაცვლებენ ერთმანეთს და იმის მიუხედავად, რომ კვანძი თითქოს ეს-ესაა უნდა გაიხსნას, გაჭიმულ და გამომფიტავ კრიზისებს არა და არ ეღირსათ კათარსისად ქცევა.
ამ ისტორიამ კიდევ ერთი ნებაყოფლობითი თვითმკვლელი გამახსენა, ოღონდ ამჯერად უელბეკის რომანიდან "რუკა და ტერიტორია", სადაც მთავარი პერსონაჟის მამა სამყაროზე განაწყენებულების გამო მიმართავს ევთანაზიას და კი არ გადის, არამედ გაავებული გარბის ცხოვრებიდან, რის გამოც მისი შვილი სილას აწნავს შვეიცარიელ ექთან-კონსულტანტს (სიკვდილის ანგელოზს), რომელიც საქმიანად ამცნობს პროცედურის წარმატებული დასრულების შესახებ.
ერთი შეხედვით შესაძლოა ანა კარენინას თვითმკვლელობა მოგვეჩვენოს ტოლსტოის რომანის კულმინაციად, არადა, "ანა კარენინა" არა მისი პროტაგონისტის ცნობილი თვითმკვლელობით, არამედ რომანის სხვა გმირის, ცხოვრებამოგვარებული ლევინის თვითმკვლელობაზე ფიქრით სრულდება. სწორედ ფიქრით და არა აქტით, მაგრამ ლევინის ტრაგიკული ფანტაზია ანას ტრაგედიაზე ნაკლები როდია, რადგან თუკი ანა სიცოცხლის დაკარგვას ამჯობინებს სიყვარულის დაკარგვის შესაძლებლობას, ლევინი სასოწარკვეთილი აცნობიერებს ბედნიერების მიღწევის შეუძლებლობას: სასიყვარულო თუ ეგზისტენციალური იდეალის როგორი კომბინაციაც არ უნდა შექმნას ლევინმა (სიყვარული კი ტოლსტოის გმირებისთვის ეგზისტენციაა, არსებულობის სინონიმია), ის მაინც ვერასდროს მოიპოვებს არსებულით კმაყოფილების შეგრძნებას, ვერასდროს იქნება სრულად კარგად.
ლევინის ფიქრით თავად ტოლსტოი ფიქრობს, რომელიც ლამისაა გოდარის ასაკს მიღწეული გაექცევა ილუზიურ და უსიყვარულო რეალობას და სიცოცხლეს ოსტაპოვოს სადგურზე დაასრულებს ყოფიერებით თუ ბიოგრაფიული კონტექსტებით დაღლილი.
დაღლა და შიშია ემა ბოვარის თვითმკვლელობის მიზეზი ფლობერის რომანშიც - როცა ემა თავისი შეცდომების აბლაბუდაში გაეხვევა და რაკი ვერაფრით შეძლებს იმ კლაუსტროფობიული მიკროსამყაროდან გაღწევას, რომელშიც მისი ცხოვრების კარგმა და ცუდმა კაცებმა გამოამწყვდიეს, არა რაიმეს შეცვლას, არამედ თვითმკვლელობით განიზრახავს უცვლელობის სპირალიდან გათავისუფლებას.
შექსპირის ოფელიას თვითმკვლელობის წინაპირობა მისი შეშლილობაა, რომელიც ასევე გაქცევის ან გაქცევის შეუძლებლობის შედეგია "დანიიდან, რომელიც დალპა", პირქუში სასახლიდან, სადაც ჰამლეტმა, ანუ იმ ერთადერთმა, ვისაც თურმე "ორმოც ათას ძმაზე მეტად ჰყვარებია", საბედისწერო ეჭვი შეიტანა მის ერთგულებაში და სადაც სიყვარულს სიმტკიცე აღარ შერჩა, რომ ძალაუფლებას მოწყურებულ შურისმაძიებელ აჩრდილებს გამკლავებოდა.
დაღლა, შიში, გაქცევა და თვითმკვლელობებიც კი ამ ტექსტებსა თუ ბიოგრაფიებში ერთგვარი მეტაფორებია და სხვა ყველაფერთან ერთად, ალბათ იმ სენტიმენტალურად გულუბრყვილო, ბანალურ და არააქტუალურ სიბრძნეს შეგვახსენებს, რომ ადამიანი სინამდვილეში უსაშველოდ მგრძნობიარე, სუსტი და სათუთი არსებაა, იმის მიუხედავად, რომ ეს ეპოქა, ეს დრო, რომელიც წარმატებისა და წარუმატებლობის, ძალაუფლებისა და უძლურების სამკვდრო-სასიცოცხლო ომშია ჩაბმული, ხმაურითა და მძვინვარებით დასძახის ყველა მაღლობიდან: უნდა გაუძლო, უნდა დაჯაბნო, უნდა ეჭიდაო...
და ამ დროს, აგერ, თურმე ვიღაც უკვე ძალიან დაღლილა და ცერემონიად უქცევია თავისი აღსასრული, რადგან ესეც ჟესტია და იქნებ პროტესტის ჟესტიც ეპოქის მიმართ, რომელმაც დაღალა...