აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს „პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის მრავალრიცხოვანი დანაკარგით“. ოფიციალურ შეტყობინებაში, რომელსაც სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს, დეტალები დაკონკრეტებული არ არის. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 12 სექტემბრიდან, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღსაკვეთად აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე, რომელიც ზანგილანის რაიონზე გადის, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგეს დამანგრეველი დარტყმები მიაყენეს და მისი საცეცხლე წერტილები გააუვნებელყვეს“.
ზანგილანი, რომელიც მთიან ყარაბაღში 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სომხური მხარის კონტროლქვეშ მოექცა, აზერბაიჯანმა 2020 წლის შემოდგომაზე განახლებული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიბრუნა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ბოლო ორი დღის განმავლობაშიც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 50 აზერბაიჯანელი და 105 სომეხი სამხედრო.
14 სექტემბერს, ღამით სომხეთის ხელისუფლებამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით მიღწეულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
14 სექტემბერს, ღამით ერევანში საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები აზერბაიჯანთან სომხეთის ინტერესთა საზიანო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. პარლამენტთან შეკრებილებმა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.
14 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობაა მშვიდობის დასამყარებლად რთული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ ნიშნავს სომხეთის ინტერესთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ფაშინიანის თქმით, სურთ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლის გამოც შესაძლოა, ბევრმა გააკრიტიკოს, მოღალატე უწოდოს და ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორება გადაწყვიტოს, მაგრამ მადლობელი იქნებიან, თუ ამის შედეგად სომხეთის რესპუბლიკა მიიღებს მყარ მშვიდობას და უსაფრთხოებას 29.8 ათას კვადრატულ კილომეტრზე.
მოგვიანებით ფაშინიანმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ არანაირი დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის და არც მზადდება. სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ეხებოდა იმას, რომ არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს. „29.8 ათასი ეს სომხეთის მთელი ტერიტორიაა... საუბარი არ იყო არც არცახზე(მთიანი ყარაბაღი), არც სომხეთის რესპუბლიკაზე. სომხეთის ტერიტორია ჩვენთვის წითელი ხაზია“, - თქვა სიმონიანმა.
2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".