Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანი აცხადებს, რომ მიღწეულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება


საპროტესტო აქცია ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 2022 წლის 14 სექტემბერი
საპროტესტო აქცია ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 2022 წლის 14 სექტემბერი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით მიღწეულია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გასულ ღამით, სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გრიგორიანს არ დაუკონკრეტებია, ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში. აზერბაიჯანის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 სექტემბრის 20:00 საათიდან საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად, შეწყდა ყველა მიმართულებით. სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ცნობებს, რომ სომხეთის ზოგიერთი დასახლებული პუნქტი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა.

14 სექტემბერს, ღამით ერევანში საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები აზერბაიჯანთან სომხეთის ინტერესთა საზიანო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. პარლამენტთან შეკრებილებმა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.

14 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობაა მშვიდობის დასამყარებლად რთული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ ნიშნავს სომხეთის ინტერესთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ფაშინიანის თქმით, სურთ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლის გამოც შესაძლოა, ბევრმა გააკრიტიკოს, მოღალატე უწოდოს და ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორება გადაწყვიტოს, მაგრამ მადლობელი იქნებიან, თუ ამის შედეგად სომხეთის რესპუბლიკა მიიღებს მყარ მშვიდობას და უსაფრთხოებას 29.8 ათას კვადრატულ კილომეტრზე.

მოგვიანებით ფაშინიანმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ არანაირი დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის და არც მზადდება. სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ეხებოდა იმას, რომ არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს. „29.8 ათასი ეს სომხეთის მთელი ტერიტორიაა... საუბარი არ იყო არც არცახზე(მთიანი ყარაბაღი), არც სომხეთის რესპუბლიკაზე. სომხეთის ტერიტორია ჩვენთვის წითელი ხაზია“, - თქვა სიმონიანმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები ორი დღის წინ განახლდა, რაშიც მხარეებმა ბრალი ერთმანეთს დასდეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 50 სამხედრო. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ცნობით, დაიღუპა სომხეთის არმიის 105 სამხედრო მოსამსახურე.

2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.

XS
SM
MD
LG