დღეიდან, 15 სექტემბრიდან, საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი იწყება. შეცვლილი რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატურების წარდგენის წესის დამტკიცებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანება გუშინ, 14 სექტემბერს გამოსცა.
კონსტიტუციისა და სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით:
ა) საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე;
ბ) საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კანდიდატების განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
9 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ომბუდსმენის წარდგენისა და არჩევის ახალ წესზე რეგლამენტში ცვლილება შეიტანა.
"ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ წარადგენს ომბუდსმენის საკუთარ კანდიდატურას, გარდა ერთი შემთხვევისა, თუკი ამ პროცესს ოპოზიცია გაემიჯნება. მათი თქმით, კანდიდატების წარდგენა მხოლოდ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შეეძლებათ.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება სახალხო დამცველის კანდიდატების "შეფასების 9-კაციანი ჯგუფი". "ქართული ოცნება" ირწმუნებოდა, რომ პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება და რომ ამ ჯგუფის შემადგენლობას ოპოზიციასთან კონსულტაციებით განსაზღვრავს. ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ISFED და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ვერცერთ სამუშაო ჯგუფში იქნებიან.
მმართველმა ძალამ კანონში ჩაწერა, რომ 9-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ჯერჯერობით უცნობია მისი ზუსტი შემადგენლობა. ეს ჯგუფი კანდიდატებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმებით შეაფასებს, თუმცა არ ექნება გადაწყვეტილების მიღების მანდატი.
კანონის ცვლილებას გამოეხმაურა მოქმედი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი პროექტით ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.