Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტებმა სენაკში საპროტესტო აქცია შეწყვიტეს


სენაკი. საპროტესტო აქციის მონაწილის, ბესიკ წულეისკირის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან
სენაკი. საპროტესტო აქციის მონაწილის, ბესიკ წულეისკირის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან

სენაკში საპროტესტო აქცია შეწყვიტეს სამოქალაქო აქტივისტებმა. მათ შორის ბესიკ წულეისკირმა, რომელმაც სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს აღდგენის მოთხოვნით პირი 12 სექტემბერს ამოიკერა. პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან, ნუკრი ხასიასთან და დავით ვერავასთან გასაუბრების შემდეგ მიიღეს.

რწმუნებულის მოადგილეები სენაკში დღეს იმყოფებოდნენ. მათ ბესიკ წულეისკირს პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდეს და პრობლემის გადასაწყვეტად მორიგი ერთობლივი შეხვედრა შესთავაზეს. ბესიკ წულეისკირს გაეწია სამედიცინო მომსახურება, მას ექიმების დახმარებით გაუხსნეს ამოკერილი პირი.

საპროტესტო აქციის მონაწილემ აპოლონ გარუჩავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო, რადგან შედგა კომუნიკაცია და შეთანხმება ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მისი სიტყვებით, ორშაბათს მხარეები უკვე სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდებიან და ერთად გაწერენ პრობლემის მოგვარების სამოქმედო გეგმას.

„15 სექტემბერს სრულდება აუქციონი, სადაც გასაყიდად არის გამოტანილი საავადმყოფოს შენობა. ვნახოთ, როგორ დასრულდება. ამის შემდეგ შევხვდებით რწმუნებულს და ამ საკითხზე ვისაუბრებთ. ამიტომ ამ ეტაპზე აქცია შეწყდა“, - თქვა აპოლონ გარუჩავამ.

სენაკის მცხოვრებლები აპოლონ გარუჩავა და ბესიკ წულეისკირი ითხოვენ 8 წლის წინ დახურული სენაკის რაიონული საავადმყოფოს შენობის აღდგენას და იქ კვლავ სამედიცინო დაწესებულების გახსნას. ამ მოთხოვნით მათ ყოფილი საავადმყოფოს ეზოში კარავი აქვთ გაშლილი, სადაც 12 სექტემბერს პროტესტის ნიშნად ბესიკ წულეისკირმა პირი ამოიკერა. მანამდე მან „ფეისბუკზე“ პირდაპირი ჩართვისას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა. თქვა, თუ 24 საათში კომპეტენტური პირი არ დაუკავშირდებოდა და პრობლემით არ დაინტერესდებოდა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა.

აქციის მონაწილეების თქმით, სენაკში მოქმედი ერთი კერძო კლინიკა მოქალაქეთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს - მათ სამედიცინო სერვისების მისაღებად ქუთაისსა და ზუგდიდში უწევთ გამგზავრება, რაც დამატებით დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა საავადმყოფოსი, აქტივისტები სენაკში კინოთეატრის აღდგენასაც ითხოვენ.

სენაკის ყოფილ რაიონულ საავადმყოფოს პრობლემები 2009 წლიდან შეექმნა, როცა თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება სახელფასო დავალიანების გამო დატოვა. საავადმყოფო 2014 წელს დაიხურა. ფინანსურის გარდა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და საჭირო აპარატურის უქონლობაზე საუბრობდნენ.

XS
SM
MD
LG