Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი "აბსურდულს" უწოდებს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას


ფოტო არქივიდან. აზერბაიჯანის დროშა ქელბაჯარის რაიონში
ფოტო არქივიდან. აზერბაიჯანის დროშა ქელბაჯარის რაიონში

აზერბაიჯანმა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დააკისრა პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავების გამო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ „აბსურდული“ უწოდა სომხური მედიით და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის არმია სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ბაქოში ცილისწამებად და დეზინფორმაციად შეაფასეს ცნობებიც, რომ აზერბაიჯანის არმია თავს დაესხა სომხეთის დასახლებულ პუნქტებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ „რეგიონში ერთადერთი აგრესორი და ოკუპანტი სომხეთის რესპუბლიკაა“, რომელსაც „აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ ზონაში ისევ ჰყავს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და ტექნიკა“. აზერბაიჯანის თანახმად, მისი არმია სომხეთის „ფართომასშტაბიანი პროვოკაციის“ პასუხად მიმართავს „ლოკალურ კონტრზომებს და საცეცხლე წერტილების ნეიტრალიზაციას ახდენს“. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები ბოლო ერთი თვეა ინტენსიურად ესვრიან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქელბაჯარის, ლაჩინის და დაშქესანის მიმართულებებით, რაც წუხანდელ „ფართომასშტაბიან პროვოკაციასთან“ ერთად წარმოადგენს სიტუაციის გამწვავების ძირითად მიზეზს.

დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც სომხეთი დაადანაშაულა „სხვადასხვა საბაბით, ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გაჭიანურებაშიც“ და „დესტრუქციულ პოზიციაში“ საერთაშორისო ძალისხმევით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, აზერბაიჯანი აღკვეთს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ადანაშაულებს „სუვერენული სომხეთის ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიაში". გასულ ღამით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან. ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. კონკრეტულ რიცხვს ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ასახელებს.

13 სექტემბრის 05:00 საათის მდგომარეობით, შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდებოდა.

მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.

XS
SM
MD
LG