სომხეთმა რუსეთს მიმართა მისი „სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის“ გამო, „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების“ რეალიზაციის მიზნით. რუსეთისადმი მიმართვის გადაწყვეტილება წუხელ ერევანში მიიღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. სომხეთმა მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოსაც და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის წევრები სომხეთთან და რუსეთთან ერთად არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.
წუხელ, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატური რეაქციის აუცილებლობას. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
გასულ ღამით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან. ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. კონკრეტულ რიცხვს ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ასახელებს.
13 სექტემბრის 05:00 საათის მდგომარეობით, შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდებოდა.
მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.