სომხეთი იუწყება საზღვართან ინტენსიურ სროლაზე აზერბაიჯანის ძალების მხრიდან, ბაქო კი აცხადებს სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფების მიერ მოწყობილ დივერსიაზე - ამ ცნობებს ავრცელებს ბიბისის რუსულენოვანი სამსახური.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამშაბათს, 12 სექტემბერს, ღამით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სასაზღვრო ქალაქების მიმართულებით, მათ შორის საარტილერიო იარაღის გამოყენებით.
"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს ქალაქების - გორისის, სოტქისა და ჯერმუკის - მიმართულებით, საარტილერიო, მსხვილკალიბრიანი იარაღის და ავტომატების გამოყენებით. იერიში განხორციელდა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უპილოტო საფრენ აპარატებსაც იყენებს.
"გრძელდება ინტენსიური სროლა, რომელიც აზერბაიჯანის მხარის მასშტაბური პროვოკაციის შედეგად დაიწყო. სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ პასუხს იძლევიან", - აცხადებს უწყება.
პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ერევანს ბრალს სდებს რამდენიმე მიმართულებით განხორციელებულ მასშტაბურ დივერსიაში.
"12 სექტემბერს, ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მასშტაბური დივერსია განახორციელეს დაშკესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებით, აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე. სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა ღამის დადგომის შემდეგ დანაღმეს რაიონები და მომარაგების გზები აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებს შორის მრავალი მიმართულებით, [არეალის] მთიანი რელიეფის გამოყენებით. ამ აქტების დაუყოვნებელი აღკვეთის მიზნით, ჩვენი დანაყოფების მიერ მიღებული სასწრაფო ზომების შედეგად მოხდა ბრძოლა", - იუწყება სამინისტრო და დასძენს, რომ არის მსხვერპლი როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან.
"მოქმედებაშია აუცილებელი ზომები იმისთვის, რომ ჩახშობილ იქნას სომხეთის შეიარაღებული ძალების ცეცხლის წერტილები და არ მოხდეს საომარი კონფლიქტის მასშტაბის გაფართოება", - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 2020 წლის სექტემბერსა და ნოემბერში მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ტერიტორიებისთვის წარმოებული ექვსკვირიანი ომის დროს. მას შემდეგ პერიოდულად იფეთქებს ხოლმე შეიარაღებული დაპირისპირება. მხარეები ერთმანეთს აბრალებენ ძალის გამოყენებას. დიპლომატიური მცდელობები, მოაგვაროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ომის დასრულების შემდეგ, ძირითადად ჩიხში შედის.
მთიანი ყარაბაღი, რომელიც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ეთნიკური სომხების კონტროლქვეშ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად.
2020 წლის სამხედრო მოქმედებები დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმებით, რის შედეგადაც აზერბაიჯანს დაუბრუნდა ვრცელი ტერიტორიები, რეგიონში განლაგდა რუსეთის 2000 სამხედრო. ზავმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ერევანში.