Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა განაცხადა, რომ საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა


თურქეთის სანაპირო დაცვა: საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო ხომალდს. 10 სექტემბერი, 2022 წელი
თურქეთის სანაპირო დაცვა: საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო ხომალდს. 10 სექტემბერი, 2022 წელი

საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო ხომალდს, განაცხადა თურქეთის სანაპირო დაცვამ, რამაც რეგიონულ მეტოქეებს შორის გამოიწვია დაძაბულობის ესკალაცია, რომელიც ბოლო კვირებში გაძლიერდა.

AP-ის ცნობით, როგორც თურქეთი აცხადებს, შაბათს თურქეთის კუნძულ ბოზჯაადას სამხრეთ-დასავლეთით, 11 საზღვაო მილზე სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბერძნული სანაპირო დაცვის ორი ხომალდის "აგრესიული ცეცხლის" შემდეგ, იმ არეალისკენ ორი თურქული სანაპირო დაცვის გემი გაეშურა და ბერძნულმა გემებმა იქაურობა დატოვეს.

AP-ი წერს, რომ საბერძნეთის საელჩომ ანკარაში კვირას სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და გაურკვეველია, რატომ მოხდა სროლა. მეზობელი ქვეყნები ათწლეულების მანძილზე ჩართული არიან დავაში და ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობა გაიზარდა, ამასთანავე, ორივე მხარე აცხადებს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.

საბერძნეთის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპაში კონფლიქტის მორიგი გაჩაღების თაობაზე, უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ.

თურქეთი თვლის, რომ საბერძნეთი არღვევს საერთაშორისო შეთანხმებას იმით, რომ კვლავ აგრძელებს სამხედრო ყოფნას თურქეთის ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან ახლომდებარე კუნძულებზე. მან ასევე დაადანაშაულა საბერძნეთის საჰაერო თავდაცვა თურქული გამანადგურებლების გადატაცებაში ნატოს წვრთნების დროს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე.

საბერძნეთი აცხადებს, რომ უნდა დაიცვას თავისი აღმოსავლეთი კუნძულები - მათ შორის ტურისტული ცენტრები როდოსი და კოსი, რომლებიც ბევრად უფრო ახლოსაა თურქეთთან, ვიდრე საბერძნეთის ძირითად ტერიტორიასთან - მისი უფრო დიდი და სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი მეზობლისგან.

თურქეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ საბერძნეთის მხრიდან სროლა წარმოადგენდა "საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას". თურქეთის პროკურატურამ გამოძიების ბრძანება გასცა. ქვეყანამ ასევე პროტესტი გამოუცხადა საბერძნეთის ხელისუფლებას და ანკარას სწრაფი გამოძიება და ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu იტყობინება, აღნიშნულმა გემმა 11 სექტემბერს ღუზა ჩაუშვა დარდანელის სრუტეში, თურქეთის სანაპიროსთან.

ამ კვირაში, საბერძნეთის მთავრობამ წერილები მისწერა ნატოს, ევროპის კავშირსა და გაეროს, სადაც სთხოვდა მათ, ოფიციალურად დაეგმოთ მზარდი აგრესიული რიტორიკა თურქეთის ოფიციალური პირების მხრიდან და ვარაუდს გამოთქვამდა, რომ დაძაბულობა შესაძლოა, ღია კონფლიქტში გადაიზარდოს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა, განაცხადა, რომ თურქეთის - რომელიც აგრეთვე ნატოს წევრიცაა - ქცევა საფრთხეს ქმნის "მსგავსი ვითარებისა, რომელიც ამჟამად ვითარდება ჩვენი კონტინენტის სხვა ნაწილში", რითაც იგულისხმა ომი უკრაინაში.

XS
SM
MD
LG