საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ფემიციდის შესახებ სისტემური მოკვლევა იწყება.
საბჭო და კომიტეტი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ მიზნით, პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფემიციდის შემთხვევების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის საკითხებს, მათ შორის, არსებულ გამოწვევებსა და ფემიციდის შემთხვევათა პრევენციის სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეისწავლის.
განცხადების თანახმად, სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება იმ ფაქტორების გამოვლენასა და გაანალიზებაზე, რომელიც ფემიციდის შემთხვევების რაოდენობაზე ახდენს გავლენას. კერძოდ, გაანალიზდება ამ მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და არსებული ხარვეზები, მედიასაშუალებების მიერ ფემიციდის შემთხვევების გაშუქების სტანდარტები, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ხარისხი და მისი გავლენა ფემიციდის დანაშაულზე.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პროდუქტი იქნება რეკომენდაციები, რომლებმაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ფემიციდის დანაშაულის შემცირებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწასა და გაუმჯობესებას.
„განსაკუთრებული ჩართულობისკენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრ ქალებს. ქალების უფლებების დაცვის იდეა დიდწილად ყოველთვის გვაერთიანებდა და გვჯერა, ამ პროცესშიც ერთობლივი ძალისხმევა ხელშესახებ შედეგებს მოიტანს“, - ნათქვამია გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ განცხადებაში.