Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნებიდან" წასულები: აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის და ხელისუფლების შეცვლისთვის იყენებს


დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი
დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი

პარტია "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები, მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენლები, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ მორიგ განცხადებას ავრცელებენ და ამჯერად პოლარიზაციაში ადანაშაულებენ საქართველოში "ამერიკულ აგენტურას".

ოთხეულის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებაში წერია, რომ აშშ-ს საელჩო თავის აგენტურას ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს.

"ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია:

პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება;

მეორე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებენ. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს".

დეპუტატების განცხადებაში, ასევე წერია, რომ "ე.წ. ვარდების რევოლუციის" მოსაწყობად შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია და რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში "საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა".

"თუ 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს „კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა".

ოთხეულის განცხადებითვე, "აგენტურა" სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც "ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს სასამართლოსადმი კლანურობასა და ხელისუფლების მიმართ შეტევაში ადანაშაულებენ.

ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს, რომლებშიც აშშ-ის საელჩოს მიმართ მუდმივი ბრალდებებია, "ქართული ოცნების" ლიდერები არ ემიჯნებიან.

XS
SM
MD
LG