Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონი საბოლოოდ დაამტკიცა


საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტის პირველ საშემოდგო პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას მისცემს მოუსმინოს უფრო მეტ მოქალაქეს უფრო მარტივად. დაჩქარებული წესით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს თან სდევდა კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მხრიდან, ისე საერთაშორისო პარტნიორებისა და ვენეციის კომისიისგან.

კენნჭისყრისას პარლამენტის 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი პრეზიდენტის ვეტოს, 68 იყო ვეტოს და შენიშვნების წინააღმდეგი. კანონპროექტი დაამტკიცა 79-მა დეპუტატმა, მის წინააღმდეგ ხმა მისცა 27-მა პოლიტიკოსმა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებით, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მოსმენა და თვალთვალი შესაძლებელი ხდება დამატებით 27 დანაშაულზე. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იზრდება ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე, ხოლო 100 დანაშაულზე კი ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება უვადოდ გაგრძელდეს, თუკი სასამართლო პროკურატურას ამის ნებართვას მისცემს. ახალი კანონით, გამოძიება ასევე თავისუფლდება შეტყობინების ვალდებულებისგან მათ მიმართ, ვისზეც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, რიგი დანაშაულების შემთხვევაში.

პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და ე.წ. მოსმენების კანონს 22 ივნისს დაადო ვეტო.

"ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, ევროპელები", - განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

26 აგვისტოს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნა ამ კანონთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ვებგვერდზე.

კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა დასკვნაში ეწერა, რომ „კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად“ და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. კომისიის დასკვნაში ასევე ეწერა, რომ „მეტიც, არასაკმარისი ჩანს საიდუმლო თვალთვალის ზედამხედველობის საერთო მექანიზმი.“

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას წინ უძღოდა დეპუტატების კითხვებისა და მოსაზრებების გამოთქმა პლენარულ სხდომაზე. უმრავლესობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ვეტო არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და კანონის მიღებას წინ უძღოდა ინკლუზიური პროცესი მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

"გუშინდელი დღე იყო ანტიმაგალითი, როგორი არ უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნების განხილვა საქართველოს პარლამენტში. სამწუხაროდ თქვენ მოხვედით მოუმზადებელი, არც ერთ კითხვას არ გაეცით პასუხი ან ყველა კითხვაზე კითხულობდით ერთი და იმავე ამონარიდს ვენეციის კომისიის დასკვნიდან. მე ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თქვენ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენათ და საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ასეთი მიკერძოებული და დაუბანალანსებელი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაეყრდნო მხოლოდ ერთ ოპოზიციური პარტიის პოზიციას. მას არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია არც უმრავლესობასთან და არც ოპოზიციასთან პარლამენტში. ამის მერე თქვენ კიდევ საუბრობთ ინკლუზიურობასა და ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე" - უთხრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მხსილაძეს პარლამენტში დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, რატი იონათამიშვილმა. მან თქვა, რომ კანონპროექტის განხილვა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პარლამენტში.

"კანონპროექტის ინიციატორებს ერთადერთი არგუმენტი აქვთ განმარტებით ბარათში მოყვანილი, რატომ აძლევენ ძალოვან უწყებებს ტოტალური მოსმენა-მიყურადების შესაძლებლობას. ისინი მიუთითებენ ყველანაირი კონკრეტიკის და მაგალითების გარეშე ჰიბრიდულ ომზე და ამბობენ, რომ ჰიბრუდულ ომთან ეფექტურად გასამკლავებლად სჭირდებათ მოსმენა და მიყურადება" - თქვა ანა ნაცვლიშვილმა პარტია ლელოდან და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰკითხა, ხომ არ ჰქონია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მთავრობას კომუნიკაცია პრეზიდენტთან არსებული საფრთხეების განსახილველად.

"ეს კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული იმის გამო, რომ არ არსებობს რეალური პრობლემა, რომელსაც პასუხობს. ეს არის უბრალოდ ძალოვანი სტრუქტურების ცხოვრების გამარტივება ადამიანის უფლებების ხარჯზე" - თქვა სანდრო რეხვიაშვილმა პარტია გირჩიდან და აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ამგვარი კანონის მიღებას არასწორად მიიჩნევს და პრეზიდენტის ვეტოს ეთანხმება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოება და ის ახალი გამოწვევები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, იქნება ეს კიბერუსაფრთხოება თუ სხვა, მაგრამ ასევე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა და ზღვარი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის" - თქვა დეპუტატების კითხვების პასუხად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მხსილაძემ. მან გაიხსენა ასევე ე.წ. კრებსების საქმე, რომელზეც გამოძიება პროკურატურას ერთი წლის შემდეგაც არ აქვს დასრულებული.

"ვისია ვეტო? ცხადია, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის ვეტო. ფაქტია, რომ პრეზიდენტი იქცა რადიკალური ოპოზიციის ინსტრუმენტად და ეს არის ასბოტაჟი საპარლამენტო დემოკრატიისთვის. ეს არის ფაქტი და ეს არის მოცემულობა. თქვენ, როგორც გუშინ ითქვა ირონიულად კომიტეტზე, ორი დღეა ხართ რადიკალური ოპოზიციის დაცვის ქვეშ. აი, აქამდე მიიყვანეთ თქვენი თავი" - უთხრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანრი ოხანაშვილმა, ქართული ოცნებიდან. ის და მისი თანაგუნდელები ცდილობდნენ საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ ვეტო არ იყო მოტივირებული და არგუმენტირებული. პრეზიდენტი მმართველი გუნდის წევრების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამოც, რომ მან ვეტოს უფლების გამოყენებამდე არ გაიარა კონსულტაციები ქართული ოცნების დეპუტატებთან, კანონის ინიციატორებთან და სახელმწიფო უწყებებთან.

XS
SM
MD
LG