კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) არ დააკმაყოფილა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მოთხოვნა, საქართველოს ნაკრებთან 4 სექტემბერს გამართული მატჩის ბოლო ხუთი წუთის გადათამაშების შესახებ.
ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა მატჩის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციას ულტიმატუმი წაუყენა. თურქი სპეციალისტი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან მოითხოვდა თამაშის ერთი ეპიზოდის გამოკვლევას და იმ კონკრეტული ეპიზოდიდან მატჩის დასრულებამდე დარჩენილი ოთხ წუთ-ნახევრის თავიდან ჩატარებას.
ფიბამ თურქების საჩივარზე უკვე იმსჯელა და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა - არავითარი გადათამაშება არ იქნება. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა, რომ სადავო ეპიზოდისას მართლაც დაიკარგა გარკვეული დრო, მაგრამ ეს ვერ ამტკიცებს, რომ დროის აღრიცხვის პრობლემამ საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა.
მატჩის შედეგი რომ ძალაში დარჩება, უკვე გადაწყვეტილია, თუმცა საქართველოსა და თურქეთის შეხვედრასთან დაკავშირებით ფიბა ჯერ კიდევ მსჯელობს - მიმდინარეობს გამოძიება მხარეებს შორის შესაძლო ჩხუბის შესახებ. თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, მათი ნაკრების წევრ კორკმაზს გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში რამდენიმე ქართველმა კალათბურთელმა და დაცვის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მწვრთნელი ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესწავლას და ოფიციალურად დაფიქსირებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხავს პროტესტის ნიშნად ევროპის ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ფედერაციისთვის მიწოდებული წერილის თანახმად, ადგილი აქვს ცილისწამებას და რეალურად, სიტუაციის დაძაბვა თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პროვოკაციულ საქციელს მოჰყვა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მოითხოვს, "თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პროვოკაციული ქმედებები გულდასმით იქნეს გამოძიებული და სათანადო რეაგირება მოჰყვეს“.
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში შედგა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და ქართველმა კალათბურთელებმა მიმდინარე შეჯიბრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 88:83. შეხვედრის ბოლო მეოთხედში, ფურკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც მსაჯმა ორივე კალათბურთელი გააძევა.