Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოახდინეთ რეაგირება პროვოკაციაზე - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბას მიმართავს


საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ერგინ ატამანის კომენტარებს საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ.

თურქი სპეციალისტი კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციისგან მოითხოვს, თამაშის ერთი ეპიზოდის გამოკვლევას და იმ კონკრეტული ეპიზოდიდან მატჩის დასრულებამდე დარჩენილი ოთხ წუთ-ნახევრის თავიდან ჩატარებას.

გარდა ამისა, ატამანი ჩივის, რომ თურქეთის ნაკრების წევრ კორკმაზს გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში რამდენიმე ქართველმა კალათბურთელმა და დაცვის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მწვრთნელი ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესწავლას და ოფიციალურად დაფიქსირებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხავს პროტესტის ნიშნად ევროპის ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაც ფიბასადმი მიმართვაა, "თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პროვოკაციული ქმედებები გულდასმით იქნეს გამოძიებული და სათანადო რეაგირება მოჰყვეს“.

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო, მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ, იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას, როგორც თამაშის მსაჯების ასევე დამსწრე მაყურებლების მიმართებით, მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ, ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან მიმართებაში, რასაც თან დაერთო მის მხრიდან მუქარები და აგრესიული ქმედებები… მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები ატაცებულ იქნა თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მხრიდანაც, არაერთი ასეთი ხასიათის გზავნილი იქნა მიღებული საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოითხოვს ფიბასგან სათანადო რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, რათა მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს.

იმავდროულად გასაკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ომერ ონანის ცილისმწამებელი განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ… საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ომანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს“. - წერია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში შედგა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და ქართველმა კალათბურთელებმა მიმდინარე შეჯიბრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 88:83. შეხვედრის ბოლო მეოთხედში, ფურკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც მსაჯმა ორივე კალათბურთელი გააძევა.

XS
SM
MD
LG