Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3-წლიანი მუშაობის შემდეგ - ბათუმი/თბილისის რუსული სკოლით სახელმწიფო დაინტერესდა


“School Club Georgia” - ბათუმის ცენტრი.
“School Club Georgia” - ბათუმის ცენტრი.

რუსულენოვანი სასწავლო დაწესებულება “School Club Georgia”, რომელიც, განათლების სამინისტროს შეფასებით, სავარაუდოდ კანონთან შეუსაბამო საქმიანობას ეწევა, საქართველოში მესამე წელია მუშაობს და მოსწავლეებს თბილისის ფილიალშიც იწვევს - ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია დაწესებულების ფეისბუკგვერდზე ქვეყნდება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვერ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია უწყების მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც - „მიღებული ინფორმაციის საფუძველზე“ უწყებამ, 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, „მყისიერად“ დაიწყო გამოძიება „ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში, დიდი ალბათობით, ლაპარაკია სწორედ - “School Club Georgia”-ს შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საგამოძიებო სამსახურს განათლების სამინისტროდან მიმართეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა. ხოლო „შენიშვნაში“ მითითებულია, რომ „ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით“.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ School Club Georgia არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება“, - წერია 3 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფილიალი თბილისშიც

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, “School Club Georgia”-ს თბილისის ფილიალი საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას სახელობის ქუჩაზე მდებარეობს. რადიო თავისუფლება იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე, სადაც სავარაუდოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, “School Club Georgia”-მ, რომლის მესვეურებიც მას არაერთგან სკოლას უწოდებენ, სასწავლო წელი 1 სექტემბერს ბათუმში უკვე დაიწყო.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "School club" ეს არის:

  • სწავლება რუსულ ენაზე;
  • მიმაგრება მოსკოვის სკოლაზე;
  • გახანგრძლივებული ჯგუფები;
  • სადილი სკოლაში;
  • კლასები 6-8 ბავშვის შემადგენლობით;
  • აქტივობების მრავალფეროვნება;
  • საქართველოში მუშაობის მესამე წელი.

ბავშვებს ემსახურება სასკოლო ავტობუსი; მოქმედებს სხვადასხვა კლასგარეშე წრე, სადაც იწვევენ მოსწავლეებს სხვა სკოლებიდანაც. იძებნება ასევე ინფორმაცია სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჯგუფების შესახებ.

“School Club Georgia”-ს განმარტებით, მოსკოვის სკოლებზე „მიმაგრება“ საჭიროა, დისტანციური სწავლების დროს, „ყოველწლიური ატესტაციისა და გამოცდების ჩასაბარებლად“.

“School Club Georgia”-ს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულება საოჯახო განათლების მხარდაჭერის ცენტრის (Центр поддержки семейного образования/ ЦПСО) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. „ჩვენ ვართ არა შუამავლები, არამედ ვართ საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი“, - აცხადებს ЦПСО.

ინტერნეტში იძებნება ცნობა, რომ საოჯახო განათლების მხარდაჭერის ცენტრის ლიცენზია გაცემული აქვს „ქალაქ მოსკოვის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს“; ხოლო საატესტაციო ტესტები შედგენილია „განათლების ხარისხის მოსკოვის ცენტრის“ (Московский Центр Качества Образования/ МЦКО) ტესტების საფუძველზე.

რუსეთის კანონმდებლობით დისტანციური სწავლება დაშვებულია და მიგრანტ მოსწავლეებს მსგავს მომსახურებას ძირითადად ონლაინპლატფორმები სთავაზობენ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება“. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი “School Club Georgia”-სთან კავშირს უარყოფს.

კერძო რუსული სკოლის შესახებ ინფორმაცია 2 სექტემბერს გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაავრცელა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ სკოლის დირექტორია ბათუმში მცხოვრები ნატალია გეორგიევა, ხოლო ამ სახელისა და გვარის პირი, საჯარო რეესტრის ბაზის თანახმად, რუსეთის მოქალაქეა; მან ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევა“ 2019 წელს დაარეგისტრირა და ბათუმში, ფალიაშვილის №4-ში მდებარე მშენებარე კორპუსში, 263.18 კვ/მ ფართის მესაკუთრეა.

“School Club Georgia”-ს ფეისბუკმომხმარებლები არცთუ სასიამოვნო კომენტარებს უწერენ და დაწესებულება არცთუ კეთილგანწყობილი კითხვა-პასუხის რეჟიმშია. როცა, მაგალითად, ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი ისტორიის შესაძლო დამახინჯებული სახით შესწავლის საკითხით ინტერესდება, School Club Georgia ერთგან პასუხობს, რომ „სკოლას ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებიც უკვე არაერთი წელია ცხოვრობენ და აქვთ ბიზნესი საქართველოში“ და „ყველა რთული თემა განიხილება შესაბამის ორგანოებთან ადგილზე“.

სასწავლო დაწესებულების დირექტორმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებს და კერძოდ - ამ უწყების „კულტურის განყოფილება“. სუს-მა „ბათუმელებთან“ უარყო ასეთი განყოფილების არსებობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG