Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე საშინელი წყალდიდობა პაკისტანის ისტორიაში


წყალდიდობა პაკისტანში
წყალდიდობა პაკისტანში

ყველაზე საშინელი წყალდიდობა პაკისტანის ისტორიაში, - ასე შეაფასა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა სტიქია, რომელმაც 1100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

წვიმიანი დღეები პაკისტანში იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადაიღო. დაიტბორა ქვეყნის მესამედი, რაც თითქმის 300 ათასი კვადრატული კილომეტრია. შედარებისთვის, საქართველოს მთელი ტერიტორია 70 ათასი კვადრატული კილომეტრიც კი არაა.

ამ დღეებში სადაც არ წავედი, ყველგან წყალი იყო“, - თქვა პრემიერმა ქალაქ ჩარსადაში, რომელიც ასევე სტიქიისგან არის დაზარალებული.

გადაუღებელი წვიმების გამო წყალში მოექცა ქალაქები, სოფლები, სხვა ადმინისტრაციული ერთეულები. 498 ათასი, ანუ ყოველი მეშვიდე პაკისტანელი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. მათგან ბევრს სახლი შესაძლოა მაშინაც არ დახვდეს, როდესაც წყალი დაშრება და უკან დაბრუნებას შეძლებს. წყალდიდობამ და ღვარცოფებმა მილიონობით შენობა გაანადგურა - ბინები, სკოლები და სხვა ნაგებობები.

პაკისტანელები თავის გადარჩენას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობენ. პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ ხალხი სტიქიის ზონიდან ერთდროულად ვერტმფრენებით, ნავებით, სამხედრო თვითმფრინავებითა და სატვირთო მანქანებით გამოჰყავთ. თავის მხრივ, მოსახლეობა ცდილობს, წყალს ხელნაკეთი ბორნებით, დიდი ვარცლებით, ურმებით და უბრალოდ ყველაზე შემაღლებულ ადგილას ასვლით გადაურჩეს. კატასტროფა უჩვეულოდ მასშტაბურია. სტიქია სხვადასხვა სახით 33 მილიონ ადამიანს შეეხო. პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ წლევანდელი სტიქია 2010 წლის წყალდიდობაზე უარესიც კია, მაშინ კი 1700 ადამიანი დაიღუპა.

მუსონური წვიმების გამო პაკისტანში წყალდიდობა არავის უკვირს, თუმცა 2022 წლის წარღვნამ მაინც ყველა წარმოდგენას გადააჭარბა. „მუსონური ურჩხული“ - ასე შეარქვა წლევანდელ გადაუღებელ წვიმებს პაკისტანის კლიმატის მინისტრმა შერი რეჰმანმა.

მუსონური წვიმები, რომელსაც სეზონურ წვიმებსაც უწოდებენ, თან მიჰყვება მატერიკისა და ოკეანის ზღვარზე წარმოქმნილ ქარებს, რომლებიც ტროპიკულ და აზიის ზოგ ქვეყანაში იცის, მათ შორის, ინდოეთსა და პაკისტანში. ეს ქარები ზაფხულში ოკეანიდან ხმელეთის მიმართულებით უბერავს, ხოლო ზამთარში - პირიქით, შესაბამისად, მუსონური კლიმატის ქვეყნებში ზაფხული ძალიან ტენიანია, ზამთარი კი - ძალიან მშრალი.

შერი რეჰმანის შეფასებით, პაკისტანში მოსული უჩვეულოდ ბევრი ნალექი კლიმატის ცვლილების შედეგიცაა. უფრო ადრე კი ამავე მიზეზით პაკისტანში ტყეებს ცეცხლი წაეკიდა.

სტიქიისგან მიყენებული ზარალი, წინასწარი ინფორმაციით, 10 მილიარდი დოლარითაა შეფასებული. პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ განადგურებულია ბამბის კულტურების 45 პროცენტი, რომ აღარაფერი ვთქვათ ხილ-ბოსტნეულსა და ბრინჯის ნათესებზე.

წყალდიდობისგან დაზარალებული ქვეყნის დახმარებაში უკვე ჩაერთვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ჰუმანიტარული დახმარების სახით პაკისტანში ჩაიტანეს კარვები, საკვები, სასმელი წყალი და პირველადი დახმარების საგნები. გაერო პაკისტანს 160 მილიონი დოლარით დაეხმარება, „იუნისეფი“ - 30 მილიონი დოლარით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი პაკისტანს კრედიტის სახით მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო.

მიუხედავად ამისა, პაკისტანში ვარაუდობენ, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღსადგენად ქვეყანას ხუთი წელი დასჭირდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG