ელჩი ფაულერი საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა წელიწადში 100 000 ტონა მარცვლეულს აწარმოებს, 5-ჯერ მეტი კი ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს. უკრაინაში ომის ფონზე რუსეთმა საქართველოს ხორბლის მიწოდება შეუზღუდა, რის გამოც ქვეყანას ფქვილის ყიდვა სხვა ბაზრებიდან და უფრო ძვირად უწევს. მისი განმარტებით, ამის გამო როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ქვეყნის რუსულ მარცვლეულზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საქართველოში შიდა წარმოების გაზრდის ხელშეწყობას ცდილობენ. ელჩ ფაულერს "ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
- ბატონო ელჩო, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან სასაუბროდ დრო გამონახეთ. უკრაინით დავიწყოთ. თქვენი გადმოსახედიდან, რა გავლენას ახდენს უკრაინის ომი ამჟამად გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე?
- როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთი, ეგრეთწოდებული, პურის კალათაა. ის ისეთი კრიტიკული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით, როგორიცაა ხორბალი, ქერი და მზესუმზირის ზეთი, მსოფლიოში პირველ ხუთეულშია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისისთანავე თვალსაჩინო იყო რამდენად დრამატული გავლენა იქონია ამან მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებაზე.
ეს ძალისხმევა არ იქნება საკმარისი მანამ, სანამ დედამიწაზე თითოეულ ადამიანს საკმარისი საკვები არ ექნება.
მსოფლიო უკვე იმყოფებოდა სახიფათო მდგომარეობაში 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, მაგრამ ომმა ნამდვილად ზღვარს მიღმა გვიბიძგა, როგორც გლობალურად სურსათსა და საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის, ასევე ინფლაციის თვალსაზრისით, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე გავლენა იქონია ბევრ განვითარებად ქვეყანაზე, რომელსაც მაღალი ფასების პერიოდისთვის თავის გართმევის საშუალება არ ჰქონდა.
ფასები ზოგიერთ ძირითად მარცვლეულზე ცოტა შემცირდა, მაგრამ მაინც ისტორიულად მაღალ დონეზეა. ჩვენ უკვე ვიმყოფებოდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც მარცვლეულის გლობალური მარაგი დაბალ დონეზე იყო მაგალითად, აფრიკის ზოგიერთ ნაწილში ოთხი წლის განმავლობაში უკიდურესი გვალვის და სხვა მიზეზების გამო. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ სწრაფი და ასევე საკმაოდ დრამატული და ინტენსიური გავლენა იქონია მთელ მსოფლიოზე. ჩვენ ვმუშაობთ სიტუაციის გამოსასწორებლად.
მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ ვლადიმირ პუტინი ხარ, შეგიძლია ღილაკს ხელი დააჭირო. მსოფლიოში სასურსათო კრიზისი ერთ ღამეში დაიწყო, მაგრამ მას ერთ ღამეში ვეღარ შეაჩერებ. კრიზისის დამთავრებას მოსავლის აღების რამდენიმე სეზონი დასჭირდება. მოდით ასე ვთქვათ, ეს კრიზისი წელს არ დამთავრდება. უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად, სხვადასხვა მიზეზის გამოც, რაშიც სხვა ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტები, ექსტრემალური ამინდი, კლიმატის ცვლილებები, მცენარეების დაავადებები და მავნე მწერები, კოვიდი თუ სხვა ფაქტორებიც შედის, 2023 წელიც რთული წელი იქნება. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მრავალწლიანი კრიზისის წინაშე ვართ.
- ამ დროისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები აქტიურად მუშაობენ სურსათის კრიზისის გადასაჭრელად. უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანის კუთხით ძალისხმევა განსაკუთრებით აქტიურია. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ პროცესით და შეიძლება თუ არა მისი გაუმჯობესება?
ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ამან რამდენიმე ქვეყანა აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია...
- ამ თემაზე საუბრისას ჩვენ ვლაპარაკობთ ასობით მილიონ ადამიანზე, რომელიც ღამით მშიერი იძინებს, ასევე ასობით მილიონ ადამიანზე, რომელსაც ყოველდღიურად არასაკმარისი საკვები აქვს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ეს პრობლემა გაამძაფრა, სურსათზე ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც დამატებით ათობით მილიონი ადამიანი ამ კატეგორიაში მოაქცია. როდესაც პრობლემის მასშტაბებს უყურებ, ძნელია იმის შესწავლა, თუ რას აკეთებს საერთაშორისო საზოგადოება და იმის თქმა, რომ ეს საკმარისია. ეს ძალისხმევა არ იქნება საკმარისი მანამ, სანამ დედამიწაზე თითოეულ ადამიანს საკმარისი საკვები არ ექნება.
მაგრამ ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, მართლაც საკმაოდ უპრეცედენტოა. მხოლოდ წელს, მსოფლიო სურსათის პროგრამას 5.7 მილიარდი დოლარი შევწირეთ, ჩვენ გაეროს ამ პროგრამის უმსხვილესი დონორი ვართ. ალბათ იცით, რომ ამ პროგრამამ ახლახან ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო.
5.7 მილიარდი დოლარი, რომელიც ჩვენ მსოფლიო სურსათის პროგრამას შევწირეთ, ვფიქრობ ადვილად შეიძლება შევადაროთ იმ ათ მილიონ დოლარს, რომელიც პროგრამას რუსეთმა შესწირა ან იმ 3 მილიონს, რომელიც მისთვის ჩინეთმა გაიღო. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ სარსათით დახმარება არ არის იგივე, რაც სასურსათო უსაფრთხოება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ქვეყნებს თავად აწარმოონ მეტი საკვები, რათა თავიდან აიცილონ ამ ტიპის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება. შეერთებული შტატები ამ სივრცეშიც საკმაოდ აქტიურია.
- მუშაობთ თუ არა უკრაინელებთან უშუალოდ იმისთვის, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მარცვლეულის მარაგი მსოფლიო ბაზარზე გაიტანონ?
- ომის დაწყებამდე უკრაინა თვეში 6-7 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებდა ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ნამდვილად არ შეუძლიათ მარცვლეულის იმპორტის გარეშე არსებობა. ეს ექსპორტი ძირითადად ზღვით, ოდესის და რამდენიმე სხვა პატარა პორტიდან ხორციელდებოდა. რუსეთმა ომის დასაწყისშივე აღკვეთა ეს მარშრუტი, როცა ნავსადგურში ხორბლით დასატვირთად გამზადებული გემები დაბომბა [შეჭრის] პირველ და მეორე დღეს. ამის შემდეგ, არცერთ გემს ბოლო პერიოდამდე ოდესის პორტიდან გასვლა არ შეეძლო. უკრაინის მთელი მარცვლეულის ექსპორტის ინფრასტრუქტურა ამ მარშრუტზე იყო მორგებული და არა - სახმელეთო გადაზიდვაზე. ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ დიდი გემებით შეკვეთების გაცილებით დიდი რაოდენობის გადაზიდვა არის შესაძლებელი, ვიდრე ასობით ვაგონით ან ათასობით სატვირთო მანქანით.
უკრაინას მოუწია ექსპორტის გადამისამართება ორ სახმელეთო მარშრუტზე, რათა ის ბაზარზე პოლონეთისა და ბულგარეთის გავლით გაეტანა. შეერთებული შტატები საკმაოდ გულმოდგინედ მუშაობს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეგრეთწოდებულ „სოლიდარობის ხაზებს“, მაგრამ უკრაინა დღეს საუკეთესო შემთხვევაში იმ რაოდენობის ნახევრის ექსპორტს აწარმოებს, რომელსაც ბაზარზე იმ შემთხვევაში გაიტანდა, ოდესის პორტი რომ გახსნილი იყოს.
- თქვენ, როგორც ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელს სურსათის გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, გაქვთ თუ არა პირდაპირი კავშირი რუსებთან ამ თემების შესახებ?
- ჩვენ თავიდანვე ნათლად ვამბობდით, რომ სურსათის ეს კრიზისი, რომელიც უკრაინიდან ექსპორტს თუ ექსპორტის ნაკლებობას უკავშირდებოდა, რუსეთმა გამოიწვია. ცხადია, ამ პრობლემიდან გამოსავალი ის არის, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი შეწყვეტოს. ამის გარდა, უკრაინა ნორმალურ მდგომარეობას სხვანაირად ვერ დაუბრუნდება. რუსეთმა დაბომბა ინფრასტრუქტურა, დაბომბა მარცვლეულის შესანახი ნაგებობები, დაბომბა მარცვლეულის გადასაზიდი გემები, დაბომბა, ასევე დანაღმა და გადაწვა მინდვრები, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, პირველი პრიორიტეტი არის ამ ომის დასრულება. მეორე პრიორიტეტი კი იქნება უკრაინისა და ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა. სანამ ეს არ გაკეთდება, ჩვენ ნამდვილად არ უნდა ველოდოთ იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდება იმ როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად აქვს.
საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით...
თქვენ კარგად იცით, რომ არსებობს შეთანხმება, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გემების ოდესიდან გასვლის თაობაზე დაიდო. გამოწვევები მაინც არსებობს, საჭიროა ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, რომელთა საშუალებითაც ეს მარცვლეული გემებამდე მიაღწევს. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურა, გზები და სარკინიგზო სისტემების მუშაობა, ასევე ოდესის პორტში დასატვირთი აღჭურვილობის მუშაობა. ეს ასევე მოითხოვს, მარცვლეულის შესანახი ნაგებობების არსებობას სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე, რადგან მათი დიდი ნაწილი განადგურებულია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინელ ფერმერებს მარცვლეულის ადგილზე შენახვის შესაძლებლობები მივცეთ.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრი უკრაინელი ფერმერი, რომელიც აქამდე შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის ხაზზე იდგა, დღეს უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად ფრონტის ხაზზე დგას.
- ახლა საქართველოზე გადავიდეთ. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ჩამოსული იყო საქართველოს მთავრობის დელეგაცია, რომელსაც სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად თქვენც შეხვდით. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საუბრის ერთ-ერთი თემა მარცვლეულის წარმოების თვალსაზრისით საქართველოს თვითკმარობისა და მდგრადობის ხელშეწყობის გზები იყო. გთხოვთ, გვითხრათ მეტი ამაზე, რაზეა ზოგადად საუბარი?
- დიახ, ახლახან მქონდა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა საქართველოს საკმაოდ შთამბეჭდავ დელეგაციასთან, რომლის წარმომადგენელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიც იყო. საქართველოსთვის ერთ-ერთი საკითხი ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულებაა. საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში დაახლოებით ასი ათას ტონა ხორბალს , მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ეწევა და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის.
ცხადია, ამ სიტუაციაში საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანას, რომელიც რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, სურს ამას თავი დააღწიოს და იყოს მასზე ნაკლებად დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა. ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი წყაროა… უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ამან რამდენიმე ქვეყანა აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია. ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით.
- ეს ფქვილი რუსეთიდან შედის თუ სხვა ბაზრებიდან?
- ფქვილის შემოტანა ხდება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, სხვათა შორის, უკრაინიდანაც. მაგრამ ძირითადად, თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ასევე რუსეთიდან, საიდანაც ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვებია, ფქვილზე კი - არა.
- როგორ არის შეერთებული შტატები და სახელმწიფო დეპარტამენტი ჩართული საქართველოში ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაში? კონკრეტულად რაზე ვსაუბრობთ - ეს არის ერთჯერადი პროექტი, მრავალწლიანი ინიციატივა, თუ ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების ეტაპზე ხართ?
- ეს არის კონკრეტული მრავალწლიანი პროგრამები, რომლებსაც შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით ახორციელებს. პროგრამები ასევე ცდილობს, ეგრეთწოდებული, ღირებულების ჯაჭვის შექმნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს გადამუშავების ისეთი პროცესების ხელშეწყობას, რომლებიც უკვე არსებულ პროდუქციას ღირებულებას გაუზრდის, რაც ფაქტობრივად, დაეხმარება საქართველოს მომავალში იმპორტი საკუთარი პროდუქციით ჩაანაცვლოს.
ასევე არსებობს პროგრამა, რომელშიც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოა ჩართული. ესეც მრავალწლიანი პროგრამაა, რომელიც კონკრეტულად მავნე მწერების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს მთლიანად სასოფლო-სამეურნეო სისტემაში, როგორც მინდორში, ასევე მოსავლის აღების შემდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ კიდევ სხვა რამდენიმე ინიციატივას, რომელთა ხელშეწყობა შესაძლებელია თავად საქართველოსა და ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტის დახმარებით, რათა ხორბლის წარმოება საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდოს.
- მინდა თანხებზე და რაოდენობებზეც გკითხოთ. არ ვიცი გაქვთ თუ არა ეს მონაცემები, მაგრამ ნებისმიერი სახის მსგავს პროგრამებზე საუბრისას ყოველთვის საინტერესოა ეს რიცხვები. რა ოდენობის დახმარებაზე ვსაუბრობთ და როცა მრავალწლიან პროგრამებზე ვსაუბრობთ, დაახლოებით რა პერიოდია ეს?
- ისტორიულად, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია. სასოფლო-სამეურნეო პროგრამები, რომლებიც ახლა ვახსენე, 4-5 წლიანი მიმდინარე პროგრამებია და მათთვის დაახლოებით, 23 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ასევე, 5 მილიონი დოლარია გამოყოფილი პროგრამაზე, რომელიც მავნე მწერების ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენ ამ პროგრამებს ვაკვირდებით ეფექტურობის შესაფასებლად და საქართველოს დახმარების გზების გასაუმჯობესებლად.
ავტორი: ია მეურმიშვილი / ამერიკის ხმა