ვენეციის კომისიის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ფარული საგამოძიებო მოქმედების - პროცედურის შეცვლის შესახებ ნაჩქარევადაა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.
კომისიის გადაუდებელი დასკვნა 26 აგვისტოს ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდაა.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2022 წლის 7 ივნისს და მას, შემდგომ, ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის ადმინისტრაციამ 1 ივლისს ვენეციის კომისიას გადაუდებელი დასკვნისთვის მიმართა.
ვენეციის კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა დასკვნაში წერია, რომ „კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად“ და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. კომისიის დასკვნაში ასევე წერია, რომ „მეტიც, არასაკმარისი ჩანს საიდუმლო თვალთვალის ზედამხედველობის საერთო მექანიზმი“.
„კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ღონისძიებები უნდა იყოს ყურადღებით ფორმულირებული და ზუსტად განმარტებული სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ... დასკვნა რეკომენდაციას უწევს ფარული თვალთვალის ზედამხედველობის საერთო საკანონმდებლო ბაზის გადახედვას კანონპროექტში მოცემულ კონკრეტულ წინადადებებზე დისკუსიის დაწყებამდე“
ვენეციის კომისია, საქართველოს ურჩევს, რომ გამჭვირვალე, გონივრული და ინტეგრირებული საკანონმდებლო პროცესის მისაღწევად, სანამ პარლამენტი მიიღებდეს კანონპროექტის შესახებ გადაწყვეტილებას, უნდა ჩატარდეს კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან,.
გადაუდებელი დასკვნა დასამტკიცებლად წარედგინება ვენეციის კომისიის პლენარულ სესიას, რომელიც წელს, 21-22 ოქტომბერს, ვენეციაში გაიმართება.
დასკვნა მომზადდა ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი, სწრაფი რეაგირების პროგრამის ჩარჩოებში.
ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს უწყებაა, რომელიც კონსულტაციას უწევს ქვეყნებს საკონსტიტუციო- სამართლებრივი სფეროში.